ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება გაზეთ ”სამტრედიის მაცნეს” მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან მიმართებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება გაზეთ ”სამტრედიის მაცნეს” მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან მიმართებაში

12 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ინფორმაცია სამტრედიის №54-ე ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით. მასალა კომისიას, უშიშროების საბჭოსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შესწავლის მიზნით წარმოუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას თან ახლდა გაზეთ ”სამტრედიის მაცნეს” დასკანერებული ვერსია, სადაც ფოტო მასალებში სხვა პირებთან ერთად ასახულია ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კახიანი.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად გაზეთი ,,სამტრედიის მაცნე” ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 67,4 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გაზეთის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, ვინაიდან სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით იკრძალება ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი. ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცესკომ შემდგომი რეაგირებისთვის №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადაუგზავნა.

თავის მხრივ, სამტრედიის ოლქის თავმჯდომარემ გაზეთის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვითაც გაზეთმა, რომელიც ფინანსდება თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა დაარღვია, დაბეჭდა რა საარჩევნო სუბიექტის - მაჟორიტარი კანდიდატის ფოტო და მის ვიზიტს სახნავი ღონისძიებების ჩატარების დროს სოფ. იანეთში სტატია მიუძღვნა. აღნიშნული კი შეიძლება საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის საფუძველი გახდეს.

შესაბამისად, 22 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა.