დავით კირვალიძე ჟურნალისტებს შეხვდა

დავით კირვალიძე ჟურნალისტებს შეხვდა

22 აპრილს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მთავრობის ახალი პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ - ფარგლებში ჟურნალისტებს შეხვდა და სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. 

ჟურნალისტებთან შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. დავით კირვალიძემ დეტალურად ისაუბრა გასული თვეების განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის, ასევე სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს აგრარული სექტორის განვითარებისთვის და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომლის ფარგლებში დღეისათვის უკვე მოხნულია 95 000 ჰა-მდე მიწის ფართობი. ნომინალური ბარათების გამოყენებით კი, 600 000 მეტ ბენეფიციარს ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის, სასუქისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების მიღება შეუძლიათ“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის განხორციელებაც ერთი თვის წინ დაიწყო. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ 3 სახის საკრედიტო პროდუქტს მოიცავს.

როგორც დავით კირვალიძემ აღნიშნა, ,,დღეის მონაცემებით, შეღავათიანი აგრო სესხების პროექტის ფარგლებში სულ 375 მსესხებელზე გაცემულია: I კომპონენტის ფარგლებში 158 557 ლარის ოდენობის 264 განვადება; II კომპონენტის ფარგლებში 2 156 800 ლარის ღირებულების 108 სესხი; III კომპონენტის ფარგლებში 1 294 500 აშშ დოლარის ღირებულების 3 სესხი. ბანკებში მე–2 კომპონენტის ფარგლებში დღეისათვის დამუშავების პროცესშია 445 სესხი ჯამური ღირებულებით 10 540 000 ლარი. მე–3 კომპონენტის ფარგლებში დღეისათვის დამუშავების პროცესშია 55 სესხი ჯამური ღირებულებით 11 860 000 აშშ დოლარი. პროექტის დაწყებიდან ორი თვის თავზე განხორციელდება მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების მიხედვით, ვიმსჯელებთ პროექტის კორექტირებაზე”.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დამატებით 350 მძიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ტექნიკის, 1,700 მოტობლოკზე და შესაბამისი რაოდენობის მისაბმელების შეძენაზე. ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურების შექმნა. აქ დასაქმებული სპეციალისტები, ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში გლეხებსა და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტურად განხორციელებისთვის.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დავით კირვალიძემ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. 2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები 72 ობიექტზეა დაწყებული. დღეისათვის, უკვე გაწმენდილი დაშეკეთებულია 265 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი, რაც საშუალებას გვაძლევს დამატებით წყალუზრუნველვყოთ 14500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.

შეხვედრაზე დავით კირვალიძემ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებები, კერძოდ: რუსული სანიტარული სამსახურის ორივე ინსპექტირების შედეგად 65-მა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და 4-მა წყლის მწარმოებელმა კომპანიამ დადებითი შეფასება მიიღო, რის შემდეგაც თითოეულს ნიმუშების დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცა. დღეის მონაცემებით, რუსეთის სანიტარულ სამსახურში 7-მა ქართულმა კომპანიამ უკვე დაარეგისტრირა თავისი პროდუქცია. ეს პროცესი გრძელდება და პირველი საექსპორტო პარტიების რუსეთის ბაზარზე გატანა უახლოეს მომავალში იგეგმება. ასევე წარმატებით დასრულდა მოსკოვში გამართული მოლაპარაკება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით. პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და ქართველი და რუსი სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ ტექნიკურ რეგლამენტზე. ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ეტაპობრივად ქართული ხილი და ბოსტნეულიც შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა. მან ჟურნალისტებთან ახალი კანონპროექტის „კოოპერაციების ხელშეწყობის შესახებ“ ისაუბრა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. აღნიშნული კანონპროექტი სტიმულს მისცემს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მნიშვნელოვნად შეცვლის ქართული სოფლის მომავალს. დავით კირვალიძემ სურსათის უვნებლობის კოდექსში ევროკავშირის/სტანდარტების შესაბამისად ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გამკაცრდა ფიტოსანიტარული კონტროლი.