საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ესწრება, 23 აპრილს კი, ადგილობრივი დროით 12.00 საათზე, ევროსაბჭოს დეპუტატების წინაშე საქართველოს პრემიერი წარდგება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონს შეხვდებიან. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთი სხვა მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ დინ შპილმანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსა და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლების გენერალურ მდივან ანდრეას კოფერთან, ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ანე ბრასორთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ნატაშა ვუკოვიჩთან, რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან.
იუსტიციის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში 24 აპრილს დასრულდება.