სამტრედიის #54 ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან მიმართებაში
მიმდინარე წლის 12 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ინფორმაცია სამტრედიის #54-ე ოლქში შესაძლო საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით. მასალა კომისიას, უშიშროების საბჭოსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შესწავლის მიზნით წარმოუდგინა.
მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვეოდა, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, ხვნა-თესვის პროგრამაში ჩართულები იყვნენ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტები. მათ სოფელში შეჰყავდათ ტრაქტორები და მათივე განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” გამოგზავნილი, რის საფუძველზეც მოსახლეობას კოალიციის კანდიდატისთვის უნდა მიეცა ხმა 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში. ტრაქტორებს კი სოფელში ქართული ოცნების შტაბის კოორდინატორი ვაჟა კოხრეიძე ანაწილებდა და ამ პროცესში უშუალოდ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კახიანიც იყო ჩართული.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა მოკვლევა: გამოკითხა სამტრედიის მაცნეს ჟურნალისტი და მასალაში დასახელებული სხვა პირები.
შედეგად, საქმის ირგვლივ არსებული მასალების ანალიზისა და მოკვლევის საფუძველზე ცესკო მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი კახიანს არ დაურღვევია საარჩევნო კანონმდებლობა. ასევე დგინდება, რომ მიწის ნაკვეთების დახვნის პროცესში ადგილზე არ იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების აქტივისტები და ადგილი არ ჰქონია საარჩევნო აგიტაციას. ამ პროცესში ასევე არ მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. შესაბამისად არ მომხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.