მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნება“ გამოაქვეყნა აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახლმწიფო სახსრებით ფინანსდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი ოჯახისა და მეგობრების ძვირადღირებული მოგზაურობები გამაჯანსაღებელ კურორტებზე და მათი ცხოვრება მაღალი კლასის სასტუმროებში.
საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ქ-ნმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტები არ ასახავს საიდუმლო ინფორმაციას და ახლა მათ მოეხსნათ გრიფი „საიდუმლო“.
„ქ-ნმა იმერლიშვილმა ბრალი დასდო პრეზიდენტ სააკაშვილს იმაში, რომ მან გრიფი „საიდუმლო“ დაადებინა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ასახავდა მის მიერ სახელმწიფო სახსრების ფლანგვას“, - გვაუწყებს ახალი ამბების სააგენტო „სივილ ჯორჯია“.
დოკუმენტებში ასახულია სააკაშვილის მიერ €37,500-ის ხარჯვა იტალიის გამაჯანსაღებელ კურორტზე 5-დღიანი დასვენებისას ყოფილ მინისტრ გიორგი ბარამიძესთან და ტელეარხ „იმედის“ ხელმძღვანელ გიორგი არველაძესთან ერთად. გარდა ამისა, ავსტრიის გამაჯანსაღებელ კურორტზე მან დახარჯა 114,900 ლარი ($69,320) თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად ერთკვირიანი დასვენებისას.