ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 33-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა ფერმერთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ოკუპირებული ახალგორის რაიონში მდებარე დაზიანებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შესთავაზა, ქართულ დელეგაციას ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულების შესაძლებლობა მიეცეს. შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა კი მათ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ეთნიკურად ოსი პატიმრების ცხინვალის წარმომადგენლების მიერ მონახულების ხელშეწყობა აღუთქვეს.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, დავით სუჯაშვილის განცხადებით, საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მიწის ნაკვეთების დამუშავებისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა.
შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის და საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დელეგაციის უკრაინელმა ხელმძღვანელმა ანდრეი დიშიციამ სოფლები ზარდიაანთკარი და დიდი ხურვალეთი მოინახულეს, ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.