საბჭოთა ანაბრების პრობლემის თაობაზე

საბჭოთა ანაბრების პრობლემის თაობაზე "აფბას" კვლევას რეგიონებში ეცნობიან

საბჭოთა ანაბრების პრობლემის თაობაზე "აფბას" კვლევას რეგიონებში ეცნობიან.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" მესამე თვეა, 1990-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების კვლევას ახორციელებს.

საკითხისადმი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველო, ფაქტობრივად, გაღატაკდა და ეკონომიკური სისტემა სრულიად მოიშალა.

ამ პროცესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალგაზრდა ფინანსისტები იმ პერიოდში გატარებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მიიჩნევენ, როცა ეროვნული ბანკიდან 900 მილიარდამდე მანეთისა და კუპონის მოცულობის სესხი გაიცა, რის გამოც ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ფულის, როგორც ეკონომიკური კატეგორიის არსებობამ, რომელიც ისედაც დეფიციტური იყო, აზრი დაკარგა.

ამ პროცესის თანამდევი იყო მოსახლეობის დანაზოგების – საბჭოთა ანაბრების გაუფასურება.

"აფბამ" საბჭოთა ანაბრების პრობლემის შესასწავლად სპეციალური საკვლევი ჯგუფიც ჩამოაყალიბა.

"საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი" - ასე ჰქვია ამ ჯგუფს, რომელიც 1990-იან წლებში გაუფასურებული ანაბრების კვლევაზეა კონცენტრირებული.

კვლევის ფარგლებში "აფბა" მეორე კვირაა საინფორმაციო ტურნეს მართავს საქართველოს რეგიონებში, რომლის დროსაც რეგიონულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კვლევის მიმდინარეობის შედეგებს აცნობს და ხდება აზრთა და მოსაზრებათა გაცვლა.

"აფბას" პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ასეთი შეხვედრები მათ ეხმარება, რათა შეისწავლონ, თუ რა განწყობები და მოლოდინებია რეგიონებში საბჭოთა ანაბრების პრობლემისა და მისი ღირსეული კომპენსაციის მიმართ.

"აფბამ" შეხვედრები უკვე გამართა გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში. დღეს და ხვალ კი შეხვედრები იმართება ოზურგეთში ბათუმსა და ფოთში. მომავალ კვირას "აფბა" აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გურჯაანსა და თელავს ესტუმრება და ადგილობრივ საზოგადოებას საბჭოთა ანაბრების პრობლემის კვლევისას ამ ეტაპზე მიღებულ შედეგებს გააცნობს.

"აფბას" შეხვედრებს მასპინძლობს საქართველოს დიდ ქალაქებში არსებული "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები", სადაც ასევე იმართება სტუდია "სევენ ზეტის" მიერ მომზადებული ვიდეო-ფილმის "თავისუფლების ხარკის" ჩვენება, რომელიც 1990-იან წლებში მოსახლეობის მასობრივად გაღატაკების ისტორიას და საბჭოთა ანაბრების გაუფასურების საკითხს ეხმიანება.

საბჭოთა ანაბრების საკითხის კვლევის დასრულებას და შედეგების პრეზენტაციას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მაისის ბოლოსთვის გეგმავს.