შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის შენობის ექსკლუზიური პროექტების კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულები დღეს, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა მიიღეს არქიტექტორებმა უცხოეთიდანაც - მათ შორის გერმანიიდან და იტალიიდან.
"კონკურსის ჟიური 5 პროფესიონალი არქიტექტორისგან და სამინისტროს ორი წარმომადგენლისგან შედგებოდა. ჟიურიმ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ახალი მიდგომა საკითხებისადმი, რომ სამინისტროში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ ხდება. ჩვენ აზრი ვკითხეთ პროფესიონალებს, მოვუსმინეთ მათ და მათ მიიღეს გადაწყვეტილება. ასეთი მიდგომა სასარგებლო იქნება საქმისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღია კონკურსი პოლიციის შენობის საუკეთესო ექსკლუზიურ პროექტებზე სამინისტრომ 22 მარტს გამოაცხადა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურსანტების გამოვლენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც პროფესიონალ არქიტექტორებს, არქიტექტურულ კომპანიებს, დიზაინერებს, მხატვრებს ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირებს მათ შორის სტუდენტებს.
ანონიმურ კონკურსზე წარდგენილი იყო 51 ნამუშევარი.
კონკურსის შედეგად ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები ორ ნომინაციაში - საუკეთესო შენობა პოლიციისთვის მსხვილ ქალაქში და მუნიციპალურ ცენტრში.
მუნიციპალური ცენტრის, კერძოდ, ქალაქ ბორჯომის გამარჯვებული გახდა ლაშა ბარბლიშვილი, ხოლო მეორე ნომინაციაში, რომელიც თბილისში გაგარინის მოედანზე პოლიციის შენობის აშენებას ითვალისწინებს გაიმარჯვა - შპს "დემარკმა" – საავტორო ხელმძღვანელმა დიმიტრი მოძმანაშვილმა.
გამარჯვებულებს სამინისტრო 5-5 ათას ლარიანი პრემიით დააჯილდოვებს.