ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარედ (ახალციხე, ხარისჭირაშვილის ქ. N1) ჯინო ველნესს სასტუმრო გაიხსნა. რომელიც ს.ს. „საპარტნიორო ფონდის“ და Eurocom Investment Georgia –ას ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, საიდანაც საპარტნიორო ფონდის წილმა კონვერტირებადი სესხის სახით 2,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სასტუმრო 38 ნომრიანია, მათ შორის - 2 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს, სპას, საუნასა და ღია აუზს. სასტუმრო ორგანულად ეწერება ციხე რაბათის ტურისტულ კომპლექსში.
სასტუმროს გახსნის ცერემონიალის შემდეგ ს.ს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის „EXIMBANKA“-ის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოში ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე.
ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტში მონაწილეობს. კერძოდ, ესენია:
ხუთვარსკვლავიანი „რიქსოსის“ სასტუმრო ლიკანში (სპა–კურორტი), რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაა 38 მლნ აშშ დოლარი (ფონდის მონაწილეობა შეადგენს 15 მლნ აშშ დოლარს).
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი“ წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით (ფონდის მონაწილეობა პროექტში განსაზღვრულია 4 მლნ აშშ დოლარით).
2,3 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების სასტუმრო ყვარელში ილიას ტბასთან (ფონდის მონაწილეობა – 1, 15 მლნ აშშ დოლარი).
ს.ს. „საპარტნიორო ფონდი“ ჩამოყალიბდა 2011 წელს. მისი აქციების 100%–ს ფლობს სახელმწიფო. ფონდის კაპიტალი შეადგენს 2,3 მილიარდ ლარს. ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის 4 სექტორში. კერძოდ: ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურაში და წარმოებაში.
ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება პრემიერ–მინისტრისა და (თავმჯდომარე) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ფონდის დაფინასნების წყაროა სუბორდინირებული/კონვერტირებადი სესხები და ფონდის კაპიტალი.
ფონდის ფუნქციებია სტაბილური გრძელვადიანი ფინანსირება, რისკების განაწილება ინვესტორთან და კომერციული ბანკებიდან ან/და საერთაშორისო საფინასნო ინსტიტუტებიდან პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვის ახალი შესაძლებლობების გამონახვა. 2013 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITCH-მა ფონდს დაუდასტურა რეიტინგი BB-.