სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, თელავის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურა ყურაშვილი სოფელ იყალთოში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა. მინისტრი სოფელ რუისპირშიც იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
„ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. მათ დაურიგდებათ ნომინალური ბარათები, რომლითაც შესაძლებელი იქნება სპილენძისშემცველი პესტიციდების შეძენა, რაც დასეტყვის შემდეგ აუცილებელია ნიადაგისთვის“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.
10 აპრილს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონში თელავის, ყვარელის და ახმეტის რაიონები დააზარალა. განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა თელავის რაიონის სოფლებს იყალთოსა და რუისპირს.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ერთ კვირაში დასრულდება და გადაწყდება, თუ რა სახის დახმარება გაეწევათ გლეხებს.