იუსტიციის სამინისტროში ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში ორი საგრანტო პროგრამა გამოცხადდა.
ამის შესახებ დღეს იუტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორმა დავით მაისურაძემ განაცხადეს.
მინისტრის თქმით, "საგრანტო პროგრამა ორიენტირებული იქნება ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, კერძოდ, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე,სოციალური უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.
"საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატია იყო, რომ ნოემბერ-დეკემბერში ამნისტიის შედეგად გამოსულებს დავხმარებოდით, რომ ყოფილი პატიმრები საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაბრუნებოდნენ. ამ მიზნით არაერთი პროექტი და გეგმა შევიმუშავეთ. უკვე 600-მდე ყოფილ პატიმარს ჩვენს მიერ კონკურსის წესით შერჩეული სოციალური მუშაკები უკვე შეხვდნენ, დღეს ჩვენ ამ პროექტში გვჭირდება არასამთავრობო სექტორის ჩართვა, ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს", - განაცხადა წულუკიანმა.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, მიღებულ გრანტს ყოფილი მსჯავრდებულებისთვის სერვისების შესაქმნელად მიმართავენ. სერვისებში გადამისამართებას განახორციელებენ სსიპ "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" სოციალური მუშაკები.
ფსიქოლოგიური დახმარების საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 000 ლარს. პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა მცირე მასშტაბის 5 ბიზნესპროექტის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.
საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 24 აპრილი. ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. განაცხადებს წინასწარგანსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით საგრანტო საბჭო შეარჩევს. ორივე საგრანტო პროგრამა ერთად გათვლილია 400 ბენეფიციარზე.
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წელს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე გათავისუფლებული პირების (პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი) რეაბილიტაციის ხელშეწყობას; მათ დაბრუნებას საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
პირველ ეტაპზე პროგრამა განახორციელებს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციას, თუმცა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პროექტს უშუალოდ ახორციელებს "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი".