ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა და კვარტალური ანგარიში

ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა და კვარტალური ანგარიში

2013 წლის 10 აპრილს შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და ახალი მეთოდოლოგია წარადგინა, რომელსაც სამინისტრო 2013 წლის იანვრიდან იყენებს.

დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნები იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოების მაღალი დონე მთლიანობაში შენარჩუნებულია, ხოლო კრიმინოგენური ვითარება 2010 წელს არსებული ვითარების თანაზომადია და ხარისხობრივად აღემატება 2009 და ადრეული წლების მდგომარეობას.

ზოგადად, კრიმინოგენური ვითარება დამოკიდებულია მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ურთიერთზემოქმედებაზე, როგორიცაა: სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა (მაგალითად, კონკრეტული პერიოდის მოცემულობიდან გამომდინარე სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებლის უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა), მასშტაბური ამნისტია და შეწყალება, სამართალდამცავ უწყებათა პირადი შემადგენლობის როტაცია და ა.შ. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების შეფასებისა და პერსპექტიული პროგნოზირების შესაბამისად დაგეგმილი და ოპერატიულად გატარებული პრევენტულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ამნისტიით გამოწვეული უარყოფითი დინამიკა და საერთო კრიმინალურ სიტუაციაზე მისი ნეგატიური ზეგავლენის ხარისხი, დღევანდელი მდგომარეობით შესაძლო პრაქტიკულ მინიმუმამდეა დაყვანილი.

განსხვავებები ძველ და ახალ მეთოდოლოგიას შორის:

წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა;
იმავე პერიოდისათვის, საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულობები ერთიანი კონსოლიდირებული რაპორტის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა.

http://www.police.ge/uploads/pdf/axali_metodologia.pdf

სტატისტიკა:

წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები: მარტისათვის 21,9-დან - 25,53%-მდე, ხოლო იანვარ-მარტის პერიოდისათვის კი 28,8-დან - 32,75%-მდე.

კრიმინალური ელემენტების გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. 2011 წლის იანვართან შედარებით 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10,6%-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით, 2012 - 2011 წლების მარტის თვეებში 4,7%-ით, ხოლო იანვარ-მარტში 20,2%-ით გაიზარდა.

http://www.police.ge/uploads/pdf/Crime_Statistics_Registered_in_Georgia_January-March-GEO.pdf

მხოლოდ შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეთა ხვედრითი წილი, რომელიც ადრინდელ ანგარიშში არ ხვდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის კონსოლიდირებულ მონაცემებში უკვე აღირიცხება, საშუალოდ, რეგისტრირებული მონაცემის 5-6%-ს წარმოადგენს, რაც, ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში, შესაბამისი თანაფარდობით ზრდის დანაშაულის საერთო რაოდენობასაც. აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში მხოლოდ 10,3%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ვინაიდან 2012, 2011, 2010 და ა.შ. წლებში სამინისტრო ძველი მეთოდოლოგიის გამოყენებით აწარმოებდა სტატისტიკას, 2013 წლიდან ახალ მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე გადასვლამ ამ პერიოდების ერთმანეთთან შედარების პრინციპი მიზანშეუწონელი გახადა, რადგან განსხვავებული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული მონაცემების პირდაპირი ურთიერთშედარება გარკვეულ ფარგლებში ყოველთვის ამახინჯებს სურათს დანაშაულის მატება-კლების დინამიკისა და ტენდენციების შესახებ.