კომპანია

კომპანია "ნაბეღლავი" : გადასახადის გაზრდა ექსპორტზე უარყოფითად აისახება

კომპანია სს „წყალი მარგებლის“ სახელით, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მინერალურ წყალზე გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩვენ კომპანიას არავინ დაკავშირებია. შემთხვევით გაგებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, ჩვენი ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა და კონსულტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში, თუმცა სხვა შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც მთავრობის ეკონომიკური ჯგუფები იქნებოდა, არ შემდგარა.

5 წლის წინ კომპანიამ აუქციონზე შეიძინა ნაბეღალვისა და ბახმაროს წყლების მოპოვების 25 წლიანი ექსკლუზიური ლიცენზია. გადასახადის გაზრდით კი ხდება ამ ლიცენზიის პირობების გადახედვა, რაც როგორც ჩვენზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე ნეგატიურად აისახება. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება ექსპორტზე, რადგან უცხოელ პარტნიორებთან გრძელვადიანი კონტრაქტების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერმა ცვლილებამ შესაძლოა ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი წარმოშვას. ამასთან, ბუნებრივი რესურსის სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდით ჩვენი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრენდს უწევს გაცილებით ძვირის გადახდა, ვიდრე მსოფლიოში და რეგიონში არსებული ცნობილი ბრენდული მინერალური წყლებს, რომლებსაც ასწლიანი ისტორია გააჩნიათ.

ევროპული პრაქტიკის და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ანალოგიური ტიპის წყლებში შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი, თუ სისტემატურად არ ხდება ბურღილების და საბადოების კვლევა. ამ გადასახადის გაძვირებით, ექსპერიმენტების ჩატარება ფაქტობრივად ფინანსურად შეუძლებელი ხდება. კვლევები კი საჭიროა იმისთვის, რომ საბადოებში დადგინდეს მინერალური წყლის რაოდენობის ზრდის პოტენციალი, ისე, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული.

უფრო პრობლემური საკითხია გადასახადის გაზრდის გავლენა მტკნარი (ე.წ. უგაზო) წყლის კონკურენტუნარიანობასა და საექსპორტო პოტენციალზე, რაც ფაქტობრივად კანონის შემოღებასთან ერთად არაკონკურენტუნარიანს გახდის ექსპორტს და ქართულ კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის შიდა ბაზარზეც.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დროში ემთხვევა ბუნებრივი რესურსის სარგებლობის გადასახადის 200%-ით გაზრდა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის ამოქმედებას, რაც ძლიერ ფინანსურ დარტყმას აყენებს ქართულ კომპანიებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები კანონმდებლობაში კომპანიებისთვის გონივრული დროით ადრე უნდა ხდებოდეს ცნობილი, რათა მოვახდინოთ გრძელვადიანი გეგმების სიტუაციისადმი მორგება და კომპანიის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენი კომპანია ახორციელებს სისტემატიურ და მნიშვნელოვან ინვესტიციას სოფლის მეურნეობის სფეროში და უზრუნველყოფს ინოვაციური საწარმოების - „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, „მარნეული აგრო“ და თელეთის „ფერმა მარგებელში“ - განვითარების მხარდაჭერას. სტაბილური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, აღნიშნული საწარმოები, მომდევნო წლებშიც საჭიროებს უწყვეტ ფინანსურ დახმარებას ფეხზე დასადგომად. ამ გადასახადების შემოღებამ კი შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის სფერო ქვეყნისთვის, ნომერ პირველ პრიორიტეტადაა გამოცხადებული.

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლებელი იქნება შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მთავრობასა და პარლამენტში, რათა გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და უფრო დეტალურად განვუმარტოთ ჩვენი პოზიცია. აგრეთვე მივიღოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა წინასწარ გათვლილი რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ზემოაღნიშნული კანონების ამოქმედებამ და როგორი იქნება გარდაუვალი ფასების მატებასთან ერთად ფისკალური ეფექტი ქართული კომპანიებისა და ქვეყნის ბიუჯეტისთვის.