მეთიუ ბრაიზა:

მეთიუ ბრაიზა: "ჩემი მთავარი პარტნიორი 2008 წელს ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გამოავლინა"




აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს მეთიუ ბრაიზას არ სჯერა, რომ მის მეგობრებსა და კოლეგებს საქართველოს მთავრობაში ოდესმე ომი სურდათ.

ამის შესახებ ბრაიზამ "პირWელს" ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გია ვოლსკის მიერ განსაჯაროებული წერილის კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც ბრაიზას მხრიდან აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებზეა საუბარი.

"პირWელი" მეთიუ ბრაიზას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც 2006-2008 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობაში მყოფ ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ მესიჯებს გადავცემდი. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ წერილში, საქართველოს მთავრობისთვის 2008 წლის დასაწყისში მიწოდებული ზოგიერთი მესიჯის ციტირებას ვახდენ: "ნუ გამოიწვევთ კონფლიქტს; თუ ამას გააკეთებთ, არც აშშ და არც ჩვენი მოკავშირეები მხარს არ დაგიჭერენ"; "ასეთ კონფლიქტში მოგებული ვერ დარჩებით, თუნდაც, თუ დაიკავებთ ოჩამჩირეს და სოხუმს, ვერასოდეს შეძლებთ მათ შენარჩუნებას"; "რუსეთის შეიარაღებული ძალები უბრალოდ გაგანადგურებენ მათი რაოდენობიდან გამომდინარეც, გაანადგურებენ ჩვენს მიერ გაწვრთნილ და შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც ჩვენ ვეღარ აღვადგენთ"; "ამ შემთხვევაში საქართველოს ოცნება, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, დასრულდება"; გაცილებით უფრო გონივრული იქნება დიპლომატიური მიდგომა, რომლითაც საქართველო მტკიცედ იბრძვის, რათა მეორე მხარის უკანონო და უპასუხისმგებლო მოქმედებები გამოავლინოს, რომ მიიღოს საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს მიერ წარმოებული მოქმედებებისთვის, რაც გააუმჯობესებს მოცემულ სიტუაციას"; "ეს მიდგომა მოგვცემს საკმარის დროს, რათა აფხაზებს საქართველოსთან რეინტეგრაციის არჩევანი მიეცეს"; "აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს ამ მიდგომას და ეცდება, დაარწმუნოს მისი მთავარი მოკავშირეები, რომ ასეთი საქართველო უნდა შევიდეს ნატო-ში, თუ ის შეასრულებს ალიანსის წევრობის მოთხოვნებს".

2008 წლის გვიან გაზაფხულზე, აშშ-ის მთავრობის მნიშვნელოვანმა ჯგუფმა, (მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სტივ ჰადლი) გააცნობიერა, რომ მოსკოვმა თბილისი შეუძლებელი არჩევანის წინაშე დააყენა: შეეგუოს რუსულ ანექსიას, აფხაზეთის მიტაცებას ან ჩაებას ომში. ჩემი მოვალეობა იყო, მეცადა, შემეთავაზებინა მესამე ვარიანტი, ახალი სტრატეგია:

"გამოვავლინოთ და გავანეიტრალოთ მოსკოვის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რაც მიზნად ისახავდა ომის წამოწყებას და ამდენად, მოგვეძებნა საქართველოს ყველა მეგობრის მხარდაჭერა მოლაპარაკებების ახალი ფორმატისათვის, რასაც თბილისი ითხოვდა. გაგვეადვილებინა მოლაპარაკებები სოხუმსა და თბილისს შორის საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული გეგმის შესაბამისად, რაც მიზნად ისახავდა აფხაზების მიზიდვას საქართველოში".

ჩემი მთავარი პარტნიორი ქართულ მხარეს იყო ირაკლი ალასანია, რომელმაც გამოავლინა დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში. სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ უარი თქვა პოზიტიურ მიმართულებით წასვლაზე, რამდენადაც მათ გადაწყვიტეს, საქართველო ომში ჩაეთრიათ. არ მჯერა, რომ ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს საქართველოს მთავრობაში ოდესმე ომი სურდათ. ვგრძნობდი, რომ ისინი მოსკოვის მიერ ოსტატურად გაებნენ მახეში. ასევე ვგრძნობდი, რომ მეგობართა ჯგუფს აკლდა გამბედაობა და მოქმედებდა საკმაოდ ნელა საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანას ამ ხაფანგიდან თავი დაეღწია", - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ ამერიკელი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის კონფლიქტების დარეგულირების საკითხში აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე მიცემულ რეკომენდაციები რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა. წერილში, რომელშიც მეთიუ ბრაიზას რჩევებზეა საუბარი, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის ვასილ სიხარულიძის მიერ იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილისთვისაა გამოგზავნილი.

"მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, 15 ივნისს არ მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ შემთხვევაში არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს. ეს ავნებს არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, არამედ უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე ჩართონ საქართველო ნატო-სთან ინტენსიურ დიალოგში. მეთიუ ბრაიზას რჩევით, კარგი იქნება თუ რეზოლუცია გვერდს აუვლის რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს გალის რაიონში, საერთაშორისო საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტის განლაგების აუცილებლობაზე გაეროს ეგიდით", - ნათქვამია წერილში.