"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა", - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" დევიდ ლის სტატიას აქვეყნებს. "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული არასაბანკო ანგარიშების შესახებ გაჩენილმა ინფორმაციამ, შესაძლოა, "ბრიტანეთის იმიჯი შეარყიოს", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ ახალი სახელების სიის სათავეშია, ვინც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო ოფშორული კომპანიების მფლობელებად დღეს დასახელდნენ.
"ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო მიწები "ბრიტანეთს იმიჯს ულახავს". ამასობაში ანტიკორუფციული კამპანიის წარმომადგენლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური ინფორმაციის გაჟონვაში გავრცელებულ სახელებს შორის ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრია გასული წლიდან, ამ სახელებს შორისაა პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის მნიშვნელოვანი ფიგურები.
ლორდ ოკეშოტი, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი და ხაზინის ყოფილი პრესსპიკერი აცხადებს: "როგორ შეუძლია დევიდ ქემერონს სახის სერიოზული გამომეტყველებით მოუწოდოს "დიდ რვიანს", რომ გაზარდოს მსხვილი ბიზნესის გადასახადები მაშინ, როცა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების გამოყენების უფლებას ვაძლევთ, რათა მილიარდები იშოვოს ჭუჭყიანი ფულით?".
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო ოფშორული კომპანიების ათასობით მფლობელთა სახელები ვაშინგტონში დაფუძნებულმა ჟურნალისტთა ჯგუფმა ICIJ, "გარდიანთან" და სხვა საერთაშორისო მედიებთან ერთად გაამჟღავნა. "სწორედ ახლა დადგა საკითხთან გამკლავების დრო. იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის "დიდი რვიანის" სამიტზე მან საიდუმლო კომპანიებთან ბრძოლის პირობა დადო, ახლა დროა ქემერონმა და მისმა კოლეგებმა დაიწყონ ინფორმაციის გავრცელება ხალხზე, რომლებიც სინამდვილეში აკონტროლებენ კომპანიებს", -აცხადებს დევიდ პალმერი.
"გარდიანს" ასევე მითითებული აქვს ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანია" Bosherston Overseas Corp". აქვე სტატიაში აღნიშნულია, რომ მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. 2006-2009 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კომპანიის დირექტორი იყო, რომელიც პანამიდან აგენტის მეშვეობით იმართებოდა. კომპანია 2006 წელს შეიქმნა და დღესაც აქტიურია. სტატიაში მოყვანილია ივანიშვილის პრესმდივნის კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ მან ყველაფერი კანონიერად გააკეთა. "2011-12 წლებისთვის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს კომპანიაში წილი აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, არ ჰქონდა ვალდებულება, ამის შესახებ ფინანსურ დეკლარაციაში განეცხადებინა", - ამბობს პრესმდივანი.