მიმდინარე წლის 1 აპრილს გაზეთი „ვერსიას“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სათაურით: „ავღანური ნარკოტიკის სამი სკანდალური ვერსია და რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო სცენარი, რომლითაც საქართველოს დსთ - ში შეყვანა იგეგმება“, - საუბარია 27 მარტს გავრცელებული ინფორმაცაზე, რომლის მიხედვითაც 85 კგ ნარკოტიკი საქართველოდან ბელორუსიის გავლით, ლიტვაში უნდა გაეტანათ.
სტატიაში ნარკოტიკის წარმომავლობის რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთ ვერსიით, რომელსაც სტატიის ავტორი ავრცელებს (ვერსიის წყარო ბუნდოვანია) ავღანური ნარკოტიკის სკანდალი მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს უკავშრდება - „რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამ ავტომობილში ჰეროინი ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები ვერ აკონტროლებენ. რუსული სააგენტოების მონაცემებით, საქართველოდან ლიტვაში „ზედაზენის“ ლიმონათი გადაჰქონდათ. ეს კომპანია კი ცეზარ ჩოჩელისაა.“ - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი რატომღაც დაინტერესებულია რუსული სააგენტოების ცნობებით, რომლის დასახელებაც უჭირს და რატომღაც ვერ მოახერხა ქართული საინფორმაციო სააგენტოების და სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებების გაცნობა, სადაც გარკვევით დასახელდა ის კომპანია, რომლის წარმოებული გამაგრილებელი სასმელიც გადაჰქონდა, სავარაუდოდ ჰეროინთან ერთად, სატვირთო მანქანას.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ამ ფაქტს აღიქვამს, როგორც კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს იმიჯის შელახვას სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების ხარჯზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მედია საშუალება გადაუმოწმებელი თუ განზრახ შეთითხნილი ინფორმაციით ცდილობს მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ აპირებს, უახლოეს დღეებში მიმართოს სასამართლოს სარჩელით და სასამართლო გზით დაიცვას კომპანიის საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი. ამასთან, მოითხოვს ზემოაღნიშნული მედია საშუალებისაგან ბოდიშის მოხდას საჯაროდ.