საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში წარმატებით დასრულდა
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი ღიაა. ასეთ შეთანხმებას ქართულმა და რუსულმა მხარეებმა დღეს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში, „როსელხოზნადზორში“ გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ქართული დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. შეხვედრაზე, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ქართულმა მხარემ რუს კოლეგებს გააცნო საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარება, ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა და ის ღონისძიებები, რომელსაც სააგენტო სამომავლოდ გეგმავს სურსათის უვნებლობის კუთხით სრული კონტროლის გასახორციელებლად. თავის მხრივ, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია იმ მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში მოქმედებს და სავალდებულოა ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის გასახორციელებლად.
ზურაბ ჩეკურიშვილმა და „როსელხოზნადზორის“ უფროსმა, სერგეი დანკვერტმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და ქართველი და რუსი სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ ტექნიკურ რეგლამენტზე. „ძირითადად საუბარია რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანაზე. ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე. რუსულ მხარეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
საქართველოს 6-კაციან დელეგაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გარდა, მისი მოადგილე ქვეყნის მთავარი ვეტერინარი ექიმი მიხეილ სოხაძე, ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია, სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ სოხაძე, სურსათის სააგენტოს ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის სპეციალისტები: დემნა ხელაია და ოთარ სხვიტარიძე შედიოდნენ.
2006 წლიდან რუსეთმა აკრძალა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. მაშინ რუსული მხარე ქართული პროდუქციის ხარისხზე და საზღვრების უკონტროლობაზე აცხადებდა პრეტენზიას. 2006 წლიდან მოყოლებული ქართველ და რუს კოლეგებს შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.