კომპანია “ნატახტარმა” და ასოციაცია “ჩვენი სახლი - საქართველომ” “ფონდი ნატახტარის” 1 წლის საქმიანობის ანგარიში სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” წარმოადგინეს. “ფონდი ნატახტარის” საქველმოქმედო პროექტის - “იზრუნე მომავალზე” ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა ხორციელდება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია "ნატახატარის" მერკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა განაცხადა, კომპანია "ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა ფონდი "ნატახტარი" და დაიწყო მზრუნველობამოკლებული მოზარდების მხარდაჭერის მიმართულებით საქველმოქმედო პროექტი - "იზრუნე მომავალზე" განხორციელება.
ორი წლის განმავლობაში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის ამ ფონდში 240 000 ლარზე მეტი თანხა შეგროვდა. 2013 წლიდან იგი განსაზღვრულია 15-დან 18 წლამდე ასაკის 144 ბენეფიციარისათვის, კერძოდ, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროცესში ხელშეწყობის მიზნით. ამისათვის ასოციაცია “ჩვენი სახლის” ფსიქოლოგები ეხმარებიან, კონსულტაციებს და სტაჟირებას უწევენ მოზარდებს. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე რომ მოზარდები დასაქმდნენ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების ჯერ ადეკვატურად შეფასება, შემდეგ კი - რეალიზაცია და შედეგად გაუადვილდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია.
“ფონდის საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ მიმდინარე წელს ბენეფიციართი ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა და თუ აქამდე, ანუ პირველ წელს ეს ცენზი 16-18 წელი იყო, 2013 წლიდან ფონდი 15-18 წლების მოზარდებს დაეხმარება და შესაბამისად დაგეგმილია, რომ მათი რაოდენობა მიმდინარე წელს 144-მე გაიზრდება (2012 წელს 72 ბენეფიციარი იყო). ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მოვიძიეთ ახალი გზები ფონდში ფინანსების მოსაზიდად და ამ საკითხზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ” - განაცხადა “ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
ფონდის საქმიანობის დეტალებზე ისაუბრეს ასოციაცია “ჩვენი სახლი - საქართველოს” წარმომადგენლებმაც”: “ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ მოზარდებს პროფორიენტაციის კუთხით. ვცდილობთ მათ დავეხმაროთ პროფესიის შერჩევისა და დასაქმების მხრივ. მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, თუ რისი კეთება სურს და რა საქმიანობით სურს დაკავდეს. რეგიონების მიხედვით ხდება შესწავლა, თუ რა სპეციალობებზეა მოთხოვნა ადგილებზე. შემდეგ ადგილზე ვარკვევთ, თუ ვინ არიან ყველაზე ცნობილი სპეციალისტები ამა თუ იმ დარგში და შემდეგ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოზარდები სწორედ მათთან მოხვდნენ პრაქტიკის გასავლელად. სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფონდი ანაზღაურებს.
სადღეისოდ ჩვენს ბენეფიციარებს ფონდის დახმარებით შეუძლიათ დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, როგორებიცა: ინტერნეტტექნოლოგი, ავტო შემკეთებელი, მზარეული, მასაჟისტი, სტილისტი, დურგალი, კოსმეტოლოგი, ტყავის დამუშავება-დიზაინი და ასე შემდეგ.
გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მოზარდი იღებს ფონდისგან სრულ სერვისს მანამდე, სანამ დამოუკიდებლად არ შესძლებს ცხოვრებას და აღარ დასჭირდება დახმარება. ეს არის მგზავრობის, სწავლის, სტაჟირების, სპორტზე სიარულის ხარჯები და სხვა.”