სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიჩეკ სავიცკის შეხვდა.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოიჩეკ სავიცკიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მიმდინარე რეფორმებისა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს შს მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს სამინისტროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის გენერალურ დირექტორ ფილიპ ბოილატს შეხვდა. შეხვედრებზე ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციას; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპის საბჭოში დასრულებულია.