სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
ორმხრივი შეხვედრა გენერალური მდივნის ოფისში ხელმოწერის ცერემონიით დაიწყო. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციას; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით, ხელი მოაწერა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს გაერთიანებულ პროგრამას ჯანდაცვის კუთხით საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე რეფორმებს და თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის გენერალურ დირექტორ ფილიპ ბოიასთან.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მდივან ვოიჩეკ სავიცკისთან.