დღეს დილიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სტიქია მძვინვარებს. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი აჭარას, გურიას და შიდა ქართლს მიაყენა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით:
აჭარაში, კერძოდ, ბათუმში შტორმის შედეგად, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბილიკამდე ამოვიდა წყალი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. მთლიანობაში, მთელი აჭარის ტერიტორიაზე დაზიანებულია 150-ზე მეტი სახლის სახურავი, მათ შორის, 100-ზე მეტი ხელვაჩაურში, 4 ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანებულია ბათუმშიც. ქობულეთში ჩამოინგრა 40 მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა, დაზიანებულია, ასევე, გარეგანათების ბოძები.
გურიაში - ოზურგეთში დაზიანებულია 90 ინდივიდუალური სახლის, 4 სკოლისა და 1 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.
ურეკში, კერძოდ, მაგნიტიტის დასახლებაში, პრობლემები შეექმნა ნაპირდაცვით ნაგებობებს.
შიდა ქართლში - გორში ქარმა 20-ზე მეტ მრავალსართულიან სახლს გადახადა სახურავი, დაზიანებულია ავტომანქანები.
თბილისი - დაზიანებულია 60-ზე მეტი სახლის სახურავი.
ეს არის ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაცია. ინფორმაცია სისტემატურად მოწმდება. საქართველოს მთავრობამ შექმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 510 774.