მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათებს 700 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.
პირველ ეტაპზე რიგდება კომბინირებული ბარათი, რომელიც მიწის ხვნისა და დადისკვა/გაფხვიერების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე გაცემულია 560 494 კომბინირებული ბარათი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიწის ხვნისა და დადისკვის სამუშაოები უკვე დაიწყო. სოფელ წილკნის მოსახლეობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამას და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მიწის დამუშავება თანამედროვე ტექნიკით სრულფასოვნად ხორციელდება.
მეორე ეტაპზე მოსახლეობას დაურიგდება ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად. ამ ტიპის ბარათი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე მიიღო 400 000 ბენეფიციარმა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ მუხრანში ნომინალური ბარათების განაღდების პროცესი უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. სოფელში განთავსებული სასოფლო-სამეურნეო მაღაზიის მფლობელის განმარტებით უკვე მესამე დღეა ადგილობრივი ფერმერები აქტიურად სტუმრობენ მის მაღაზიას და იძენენ მათთვის სასურველ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელსა და ინვენტარს.
დღეის მდგომარეობით საგაზაფხულო პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით უკვე 400-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მაღაზია მონაწილეობს. მათი სრული სია და საკონტაქტო ინფორმაცია ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათის მფლობელებს შეუძლიათ იხილონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://moa.gov.ge/pdf/magaziebis%20sia.pdf
ინფორმაციის მიღება სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო მაღაზიების შესახებ, შესაძლებელია ცხელ ხაზზე: (+995 32) 247 01 01