ბატონო ბიძინა,
მისასალმებელია ახალი მთავრობისა და პირადად თქვენი მოღვაწეობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, მასმედიის თავისუფლების, სამართლიანობის პრინციპის აღდგენის თვალსაზრისით. ამის თვალსაჩინო მაგალითია თქვენი ამასწინანდელი შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენელებთან, რომელნიც თავიანთი მართალი სიტყვით ხელს უწყობენ პროგრესს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, სახეზეა არასასურველი ტენდენციები ქართულ ჟურნალისტიკაში. ერთი ნაწილი კვლავ ემსახურება ყოფილი ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის, ინტერესებს და არა სახელმწიფოს. ხშირად ჭირს იმის გარკვევა ჟურნალისტს ქვეყნის სატკივარი ამოძრავებს, პირადი ინტერესი თუ მავანის დაკვეთას ასრულებს.
მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონში მხოლოდ ფოთში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რაც თქვენს უიდეს ავტორიტეტთან ერთად განსაზღვრა ქალბატონ ეკა ბესელიას პიროვნულმა ფაქტორმა. ფოთელები დიდ იმედებს ამყარებენ მის პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე, ბრძოლისუნარიანობაზე. იგი ცდილობს ღრმად ჩაწვდეს საპორტო ქალაქის პრობლემებს, რამეთუ დარღვეულია ნიკო ნიკოლაძისეული კონცეფცია ქალაქისა და ნავსადგურის ინტეგრაციის თაობაზე. ასევე ბევრი პრობლემა დაგროვდა ყველა დარგში, ყველა სფეროში. მათი გადაჭრის მიზნით, პარლამენტარის ინიციატივით, მხოლოდ ბოლო ათი დღის განმავლობაში ფოთს სამი მინისტრი ეწვია და ბევრი რამ ქალაქისათვის დადებითად გადაწყდა. ამ დღეებში მოსალოდნელია სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელების ჩამოსვლაც.
როგორც დეპუტატი სისტემატურად მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა დაეხმაროს ადამიანებს, დაიცვას მათი უფლებები, ჩაწვდეს მათ პრობლემებს. საერთოდ გააერთიანოს ქალაქი, ყველა სამსახური ერთი მიზნისათვის ბრძოლაში, თუმცა, ბოლო დროს ფოთში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, შეიჩნევა საბოტაჟის ნიშნები ყველა პარამეტრით, იმ გაჭირვებით მანიპულირება, რომელიც თავად „ნაციონალებმა“ შექმნეს და რომელთა გადაწყვეტა უმოკლეს პერიდში შეუძლებელია.
ეს შესავალი იმიტომ დაგვჭირდა, რომ თქვენთან რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეხვედრების დროს ფოთელმა ჟურნალისტმა, ელისო ჯანაშიამ, სულ სხვა ასპექტით წარმოაჩინა ჩვენი ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ქალბატონ ეკა ბესელიას საქმიანობა, რომ ის თითქოსდა უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, რომ თურმე მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობის პირები, თავად იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ფოთი მას „ჩააბარეს“ და ა.შ. არადა, ფოთელები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ. ამას მოწმობს ქალაქის საზოგადების 2013 წლის 16 მარტის შეკრება, რომლის მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს ჟურნალისტის არასწორი და არასამართლიანი განცხადების გამო.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოთს თვითმმართველობა ბოლო წლებში ნამდვილად არ ჰქონია, საკრებულოს წევრები და მერიც ინიშნოდნენ ე.წ. გუბერნიიდან. თითქმის არც ერთ პასუხსაგებ თანამდებობაზე ფოთელი არ ყოფილა, ყველა ფინანსური ბერკეტი ერთი კლანის ხელში იყო. ე.წ. თვითმმართველობის წევრები, რომელთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან, ამას დუმილით ხვდებოდნენ.
ეს და ქალაქისათვის საჭირბოროტო სხვა საკითხები „ფაზისის აკადემიის“ წევრებმა დააყენეს ქალბატონ ეკა ბესელიას წინაშე. მათ შორის განსაკუთრებით გამოკვეთეს ქალაქის სტატუსი, ისე რომ იგი რეგიონს არ მოწყდეს. ამავე დროს შესწავლილ იქნას საკადრო პოლიტიკა და ძირითად თანამდებობებზე კვლავ წარმოჩინდნენ ფოთელები, რაშიც პარლამენტარმა მხარდაჭერა აღუთქვა მათ, კერძოდ, რომ ფოთი განთავისუფლდება გუბერნიის კლანური გავლენისაგან. ანუ გამოდის, რომ ის, რასაც დეპუტატი ებრძვის ქალაქის საზოგადოებასთან ერთად, პირიქით გადააბრალა ჟურნალისტმა და თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა მაჟორიტარი დეპუტატი, რამაც ფოთელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
რა თქმა უნდა, საქმიანი კრიტიკის წინააღმდეგი არავინაა, რამეთუ შეუცდომელი არავინაა ამ ქვეყანაზე, მაგრამ, როცა მასში ღვარძლი და შური იკითხება, ამას საზოგადოება ნამდვლად ვერ მიიღებს.
ბატონო ბიძინა, ჩვენ, ფოთელები, მზად ვართ შეგხვდეთ, თუ თქვენ საამისო დროს გამონახავთ, მიუხედავად ასეთი დიდი დატვირთვისა და გულახდილად გესაუბროთ სანავსადგურო ქალაქის პრობლემებზე, მის მომავალზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.
სამუხაროდ, ჩვენი ქალაქი, ბოლო ოცი წელი მივიწყებული იყო ყველა ხელისუფლების მიერ. გამოვთქვამთ რწმენას, რომ ქალბატონ ეკა ბესელიას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მისი აღორძინებისათვის, მით უფრო თქვენი დახმარებითა და მხარდაჭერით.
გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის გამთლიანების, გადარჩენის და აყვავების საქმეში.
ღრმა პატივისცემით:
საზოგადოება „ფოთის ხმა“
„ფაზისის“ საერო აკადემია
ნავსადგურის დამოუკიდებელი პროფკავშირები
ქალაქის სამედიცინო საზოგადოება
ფოთის დევნილთა კომიტეტის წარმომადგენლობა