დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს, ნავაფ ალ სლეიბს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. სტუმრებმა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სტრუქტურული ცვლილებები დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
ICDO-ს დელეგაცია ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზას, ,,112-ის ქოლ-ცენტრს" და რუსთავის მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ. სტუმრები ადგილზე გაეცნენ შსს-ს დანაყოფების მუშაობის ძირითად პრინციპებს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს იქ განხორციელებული რეფორმების შესახებ.
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მიზანია, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფების შექმნისა და აღჭურვის ხელშეწყობა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება და კატასტროფებით დაზარალებული ადამიანებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა. საქართველო ICDO-ს წევრი 1995 წელს გახდა.