საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, ინტერპოლის სათავო ოფისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ინტერპოლის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. დაისახა მთელი რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები, დაიგეგმა ერთობლივი მოსამზადებელი კურსები ანტიტერორისტულ და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მომდევნო კვირაში დაიწყება ერთობლივი I-Link-ის (ინტერპოლის მონაცემთა ბაზა, რომელიც 24 საათის განმავლობაში განახლებადია, არის უნიკალური და დინამიკური საოპერაციო სისტემა, რომელიც თავს უყრის მონაცემთა ბაზას მსოფლიოს მასშტაბით) ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტრენინგები. ტრენინგები დაეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ტექნოლოგიების დანერგვასა და ათვისებაში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ინტერპოლის გენერალურ მდივან ბ-ნ რონალდ ნობელს, შეხვედრაზე განიხილეს ძებნილ პირებთან დაკავშირებული საქმეები.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა რონალდ ნობელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების" (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.