დღეს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ეწვია. დელეგაციის წევრები ცენტრის დირექტორ გიორგი ბიჭაშვილს შეხვდნენ. სტუმრებმა ,,112-ის ქოლ-ცენტრი" დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებს „112"-ის პრეზენტაციაზე ცენტრის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმები გააცნეს და მათგან რჩევები მიიღეს.
მანამდე, დელეგაციის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ. სტუმრებმა მაშველების პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალისათვის დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის მომსახურების სააგენტოში. შემდეგ, დელეგაციის გენერალური მდივნი ნავაფ ალ სლეიბი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.