სურსათის ეროვნული სააგენტო გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეთა პროტესტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს . სააგენტოს ინფორმაციით, გურჯაანის ბაზარში ხორცით მოვაჭრეები კანონმდებლობის დარღვევით, სასაკლაოს გვერდის ავლით ითხოვენ საქონლის დაკვლასა და ხორცით ვაჭრობის ნებართვას.
"სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არ დაუშვებს უკანონოდ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე მისცეს ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ბაზარში თვითნებურად ვაჭრობის ნება. იმისთვის, რომ მოსახლეობას მიეწოდოს უვნებელი ხორცპროდუქტი, აუცილებელია, საქონელი დაიკლას სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც გასცემს შესაბამის დოკუმენტს. ე.წ. "ფორმა #2-ს", რომელიც ადასტურებს, რომ სურსათი უნვებელია და მისი მოხმარება დასაშვებია", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო ასევე არ ეთანხმება მოვაჭრეთა ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომ სასაკლაოზე საქონლის დაკვლა ხორცის ფასს საგრძნობლად გააძვირებს. სააგენტოს ინფორმაციით, უკანსაკნელ პერიოდში სააგენტოს სპეციალისტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დააკავეს და სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ცხენის ხორცის პარტია, რომელიც, ამავდროულად, დაავადებული იყო სალმონელოზითა და კოლიფორმული ბაქტებით და მისი მიღება ადამიანის ჯანმთელობისთვის საფრთხეს შეიცავდა. ასევე, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ვეტერინარული მოწმობა - ფორმა #2-ს გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 43 ბიზნესოპერატორი.
ამ ეტაპზე საქართველოში 58 მოქმედი სასაკლაოა. მათ შორის, კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს - 11. გურჯაანიდან უახლოესი სასაკლაო 17 კილომეტრის დაშორებით ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მდებარეობს.