საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის (ICDO) დელეგაცია გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით.
ICDO-ს წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და საჩვენებელ ღონისძიებას სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა მაშველების პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ღონისძიების დასასრულს, ICDO-ს გენერალურმა მდივანმა სამაშველო ბაზის ხელმძღვანელს თავისი ორგანიზაციის სიმბოლიკიანი სამახსოვრო მედალი გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.
სტუმრები ასევე ეწვევიან შსს-ს ,,112-ის ქოლ-ცენტრს" და რუსთავის მომსახურების სააგენტოს.
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მიზანია, სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფების შექმნისა და აღჭურვის ხელშეწყობა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, და კატასტროფებით დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა. საქართველო ICDO-ს წევრი 1995 წელს გახდა.