20-22 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის საარჩევნო ადმინისტრაციებს უმასპინძლა. მესამე ყოველწლიურ კონფერენციაში როგორც სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა, ისე საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში ეუთოს ქვეყნების გარდა პირველად მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ისრაელიდან, ნეპალიდან და ინდონეზიიდან.
კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა იყო - „კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში“.
რიგით მესამე კონფერენცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან ერთად გამართა. (ICPS - ორგანიზაცია უკვე წლებია ხელს უწყობს ეფექტური პოლიტიკის წარმოებას და მართვას სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებსა და მთავრობებს შორის ურთიერთქმედების ხელშეწყობით. ICPS-ი არის არაერთი საერთაშორისო სწავლებისა და ტრენინგების ორგანიზატორი საარჩევნო საკითხებში, რითაც ასევე მუდმივად უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას).
საარჩევნო ადმინსიტრაციების წარმომდგნლებმა საკუთარი პრეზენტაციები და ხედვაც წარმოადგინეს, ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებმა: „სმარტმატიკი“ (Smartmatic), „ქროს მეჩ ტექნოლოჯის“ (Cross Match Technologies), „დომინიონ ვოუთინგ სისთემს“-ი (Dominion Voting Systems), „საითლ“-ი (Scytl) და „გილატ სატელაიტ ნეთვორქსი“ (Gilat Satellite Networks), კონფერენციის მონაწილეებს ოპტიკური სკანერები, ელექტრონული ხმის მიცემისთვის საჭირო სპეციალური მანქანები და სხვა საარჩევნო ინოვაციური ტექნოლოგიები გააცნეს.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ურთიერთგამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი მეთოდების შემუშავებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი:
ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუმინეთი, უკრაინა, ისრაელი, ნეპალი, ერაყი, ინდონეზია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ესპანეთი.
ორდღიან შეხვედრებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), საარჩევნო მხარდაჭერის ევროპული ცენტრი (ECES), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის დელეგაცია, ევროსაბჭო, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, ასევე კოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის და ესპანეთის როვირა ი ვირგილის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტები.
საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:
„სმარტმატიკი“ (Smartmatic), „ქროს მეჩ ტექნოლოჯის“ (Cross Match Technologies), „დომინიონ ვოუთინგ სისთემს“-ი (Dominion Voting Systems), „საითლ“-ი (Scytl) და „გილატ სატელაიტ ნეთვორქსი“ (Gilat Satellite Networks).