მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა "საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013–2014 წლებისთვის". უცვლელად გთავაზობთ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოგვაწოდა.

მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა:

1. მოწონებულ იქნას "საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის" (დანართი №1).
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებებისთვის, სტრატეგიის საკითხებზე მათთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტრატეგიის საკითხებზე ასევე უზრუნველყოს კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა საქართველოს სამინისტროებთან.
4. ეთხოვოს კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.

დანართი №1-ის სახით იხილეთ სტრატეგიის ძირითადი პრინციპები სრულად

საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

პრეამბულა
საქართველოში დღეისათვის მოქმედი, მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივი მომსახურების ადექვატურ მიწოდებას მოსახლეობისათვის და ვერც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება კრიზისულ პერიოდებში, როცა გაუმართავი და არაეფექტური სისტემა, არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესის დარეგულირების ნაცვლად, დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, რომელმაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განაპირობოს.
რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად.
დაგეგმილი რეფორმების შედეგად თითოეულ დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. მოხდება სრულყოფილი მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება ფუნქციური და მატერიალური თვალსაზრისით, სამხარეო მმართველობის დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი კომპონენტები.
საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით.

რეფორმირების უმთავრესი მიმართულებანი

სრულყოფილი და ეფექტური თვითმმართველობის განსახორციელებლად მოხდება :

• საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმირება თითოეულ დასახლებაში;
• მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია და გაძლიერება;
• სამხარეო ხელისუფლებაში თვითმმართველობის ელემენტების დამკვიდრება;
• სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების შექმნა;
• რეფორმირების პროცესის სამართლებრივი, ტექნიკური და რესურსული უზრუნველყოფა.

საზოგადოებრივი თვითმმართველობა თითოეულ დასახლებაში
2013 წელს მიღებულ იქნება კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის შენარჩუნება-განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და საზოგადოების მართვაში (გადაწყვეტილების მიღების პროცესში) ჩართულობას. ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრება სასოფლო დასახლება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სასოფლო დასახლებაში იფუნქციონირებს პირდაპირი დემოკრატიის ფორმა - სოფლის კრება, აირჩევა კრების თავჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები. 2013-2014 წლებში რეფორმის პირველი ეტაპის დასრულებამდე, სოფლის საერთო კრებებს და არჩევით პირებს ექნებათ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და სხვა პროგრამებით სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის და შემდგომი მონიტორინგის ფუნქცია. ასევე, მიმდინარე რეფორმირების პროცესში თვითმმართველი თემების ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობისთვის იგი იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტირების ძირითადი რგოლი. საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაანაცვლებენ დღეს მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ რწმუნებულებს.
2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფუნქციები უშუალოდ ინტეგრირებული იქნება თვითმმართველობის სისტემაში. აღნიშნული ორგანოები, ასევე საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისი თვითმმართველი თემის (მუნიციპალიტეტის) კომპეტენციების აღსრულების პროცესში განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ და მუნიციპალიტეტისგან დელეგირებულ ფუნქციებს. საზოგადოებრივ თვითმმართველობას არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი, მას გადაეცემა მისთვის დელეგირებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დასახლების საზოგადოებრივ თვითმმართველობას სარგებლობის უფლებით გადასცეს ცალკეული ქონება, მიწა და ბუნებრივი რესურსები.

მუნიციპალური თვითმმართველობა
2013 წელს შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაბამისადაც დასახლებები ან დასახლებათა ერთობლიობები ჩამოყალიბდება როგორც თვითმმართველი ერთეულები - თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები. ამ მიზნით, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე კანონით დადგინდება მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანიზების დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ჩარჩო-კრიტერიუმები და პრინციპები. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ჩარჩო-კრიტერიუმების და პრინციპების საფუძველზე, განხორციელდება სოფლების საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების გზით, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით თვითმმართველი ერთეულების ფორმირება. თვითმმართველი ერთეულების ფორმირების პროცესის დასრულების და შესაბამისი ტექნიკური (გეოინფორმაციული) სამუშაოების დასრულების შემდგომ, კანონით განსაზღვრული წესით დამტკიცდება თვითმმართველი ერთეულების ნუსხა და საზღვრები, რომლებშიც უნდა გაიმართოს 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები.
შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაბამისადაც: თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – არჩეულ იქნება პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პერსონალური პროპორციული ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემით, 2 წლის ვადით. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელები (გამგებელი სოფელში/თემში და მერი - ქალაქში) არჩეულ იქნებიან პირდაპირი წესით.
კანონმდებლობით, თვითმმართველობის ორგანოებისათვის განისაზღვრება ექსკლუზიური უფლებამოსილებების ნუსხა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ექსკლუზიური უფლებამოსილებების ძირთადი ნაწილის განხორციელებას დაიწყებენ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ამასთან, კანონმდებლობის გარდამავალ დებულებებში განსაზღვრული იქნება ექსკლუზიური უფლებამოსილებების ნაწილის თვითმმართველობებისთვის შემდგომ ეტაპებზე გადაცემის ვადები.
ექსკლუზიური უფლებამოსილებების თვალსაზრისით, მუნიციპალური თვითმმართველობის ორგანოებს მინიჭებული ექნებათ ძირითადად შიდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის საკითხები -მოქალაქეთა საცხოვრებელი, ყოფითი და სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხები ძირითადად კონცენტრირებული იქნება მუნიციპალურ დონეზე. კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე უფლებამოსილებათა დელეგირების პრინციპები და მექანიზმები. დელეგირება განხორციელდება ან კანონით, ან ხელისუფლების ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ფინანსური რესურსების გადაცემით მადელეგირებელი ორგანოს მიერ. დელეგირებულ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ადგილობრივ დონეზე იქნება ცენტრიდან დელეგირებული საერთო-სახელმწიფოებრივი ფუნქციების ცალკეული (მომსახურებითი, ადმინისტრაციული) კომპონენტები, რომელიც მოქალაქის საჯარო ხელისუფლებასთან უშუალო კონტაქტს ითვალისწინებს (სოციალური საკითხები, სარეგისტრაციო საკითხები და ა. შ.).
საკანონმდებლო ბაზის მიღების შემდგომ, ადგილობრივ არჩევნებამდე, საქართველოს მთავრობა განახორციელებს კონკრეტული უფლებამოსილებების გამიჯვნის სამართლებრივ და ტექნიკურ ღონისძიებებს (ინფრასტრუქტურული ობიექტების, ბუნებრივი რესურსების და მიწის კატეგორიებად გამიჯვნის, მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ადაპტირებას ახალ მოდელთან და ა. შ.).

სამხარეო თვითმმართველობა
დღეს არსებული სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების სამოქმედო გეოგრაფიული არეალების მიხედვით, კანონით განისაზღვრება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება. სამხარეო ხელისუფლების დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას, ცალკეული ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებას და დამოუკიდებლ ბიუჯეტს.
სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირება მოხდება მხარეში შემავალი მუნიციპალური თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარმომადგენლებისგან. გათვალისწინებული იქნება სამხარეო საბჭოში ოპოზიციური სუბიექტების და უპარტიო წარმომადგენლების წარმომადგენლობის ასახვა.
მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამ კანდიდატს შეარჩევს სამხარეო საბჭო და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელთაგანაც საქართველოს მთავრობა შეარჩევს და დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
კანონმდებლობით განისაზღვრება მხარის ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილებები. მხარეებს ექსკლუზიური უფლებამოსილებების სახით გადაეცემა შიდა რეგიონული ინფრასტრუქტურის ის ნაწილები, რომლებიც თავისი გეოგრაფიული მახასიათებლებით, ეკონომიკური მასშტაბით და/ან მართვის და სერვისის მიწოდების სპეციფიკით ვერ განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ამასთან, ამ უფლებამოსილებათა ცენტრალიზებულად განხორციელება არაეფექტიანია. აღნიშნულში ძირითადად შევა შედარებით მსხვილი ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე ბიზნეს-გარემოსთან/სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტები.
სამხარეო დონეზე სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ასევე დელეგირებული იქნება ძირითადად მსხვილი კაპიტალური პროექტები, საერთო ეროვნული პროგრამები, რომელთა განხორციელებაც სამხარეო დონეზე უფრო მიზანშეწონილია ეკონომიკური/მართვის თვალსაზრისით. სამხარეო ხელისუფლება უფლებამოსილი იქნება აგრეთვე განახორციელოს მასში შემავალი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ისგან ქვემოდან ზემოთ დელეგირებული უფლებამოსილებები.
დედაქალაქს ექნება განსაკუთრებული სტატუსი, რომელშიც კონცენტრირებული იქნება როგორც მუნიციპალური თვითმმართველობის, ასევე სამხარეო თვითმმართველობის ფუნქციები. დედაქალაქი - თბილისი დაიყოფა მუნიციპალიტეტებად/უბნებად. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო - ქალაქის საბჭო და მუნიციპალიტეტის (უბნის) საკრებულოები.
თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები იქნებიან თბილისის მერია და მუნიციპალიტეტების (უბნების) გამგეობები. მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

სამხარეო თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ თბილისის ხელისუფლების ახალი მოდელის ფორმირება მოხდება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად.

ფინანსების და ქონების გამიჯვნა
2013 წელს, კანონმდებლობით განისაზღვრება მუნიციპალური და სამხარეო ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებები და მოხდება შემოსავლების გამიჯვნა.
ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
მუნიციპალურ და სამხარეო ბიუჯეტებს კანონმდებლობით გარანტირებული ექნებათ საკუთარი შემოსავლის სახეები, მათ შორის: საგადასახადო შემოსავლები, ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული შემოსავლები, მოსაკრებლები, სხვა შემოსავლები, ასევე მუნიციპალურ ბიუჯეტებს გათანაბრებითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. ქონების გადასახადი იქნება ადგილობრივი ტიპის და მიემართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში. საშემოსავლო გადასახადი იქნება ზიარი ტიპის და წილობრივად განაწილდება მუნიციპალურ და სამხარეო ბიუჯეტებს შორის (მუნიციპალიტეტის უმეტესი წილით). მოგების გადასახადი იქნება ზიარი სამხარეო ბიუჯეტსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის. არაპირდაპირი გადასახადები იქნება საერთო-სახელმწიფოებრივი. შეიცვლება საშემოსავლო გადასახადის პრინციპი, ანუ მისი გადახდა მოხდება შემოსავლის მიმღები/დაქირავებული ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში (და არა დამქირავებლის რეგისტრაციის მიხედვით). საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ამოქმედება მოხდება ეტაპობრივად 2015-2017 წლებში.
სხვა შემოსავლები გაიმიჯნება უფლებამოსილებების (მოსაკრებლები), საკუთრების (ქონება, ბუნებრივი რესურსები, მიწა) მიხედვით ხელისუფლების დონეებს შორის. გათანაბრებითი ტრანსფერი განაწილდება კანონით დადგენილი ფორმულის შესაბამისად. ყოველწლიური გათანაბრებითი ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტში განისაზღვრება ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების არანაკლებ 5%-ისა.
დელეგირებული უფლებამოსილებების დაფინანსება მოხდება მიზნობრივი ტრანსფერის გადაცემით, მადელეგირებელი ხელისუფლების ბიუჯეტიდან შესაბამისი დონის ბიუჯეტში.
ფინანსების გამიჯვნის სქემის შესაბამისად, 2015 წლიდან გაიზრდება ადგილობრივი და სამხარეო ბიუჯეტების წილი ეტაპობრივად და 2017 წლისთვის შეადგენს მთლიანი საჯარო ფინანსების არანაკლებ 33%-ისა.
კანონით დადგინდება, რომ მხარის/თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები არ იქნება ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 15%-ზე მეტი.
ყველა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი მიწა (სავარგულები, საძოვრები, ტყე), წყალი, უძრავი ქონება. თვითმმართველ ერთეულებს საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება (უძრავი და მოძრავი ქონება, არამატერიალური აქტივები), მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დიდი ნაწილი. მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს მის საკუთრებაში არსებული რესურსებიდან რა გადასცეს მასში შემავალ დასახლებების საზოგადოებრივ თვითმმართველობას სარგებლობის უფლებით.
საკანონმდებლო ბაზის მიღებამდე და მის შემდგომ, 2013 წლიდან 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ჩატარდება ანალიტიკური სამუშაო, შემოსავლების გამიჯვნის სხვადასხვა ვარიანტებს შორის, ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებული გაანგარიშება, მოდელირება, ცალკეული თვითმმართველი ერთეულების მაგალითებზე სიმულირება, რაც ტექნიკურად კიდევ უფრო დახვეწს ფინანსურ სისტემას.

სახელმწიფო ზედამხედველობა
თვითმმართველობათა საქმიანობაზე განხორციელდება სამართლებრივი და დარგობრივი ზედამხედველობა:
- სამართლებრივი ზედამხედველობა ექსკლუზიურ კომპეტენციებთან დაკავშირებით შემოიფარგლება მხოლოდ ამ ამოცანების შესრულების კანონთან შესაბამისობის შემოწმებით.
- დარგობრივი ზედამხედველობა დელეგირებულ კომპეტენციებზე განხორციელდება როგორც სამართლებრივი, ისე ამოცანების შესრულების შინაარსისა და ხარისხის მიმართულებით.

მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებები

2013 წელს მიღებული იქნება სპეციალური კანონი "მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების" შესახებ. კანონი შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, დეპრესიულ, ცენტრალური მაგისტრალებიდან დაშორებით მყოფ და ინფრასტრუქტურულად მოწყვეტილ(ძნელად მისადგომ) დასახლებებს, ასევე დასახლებებს, რომელთა შენარჩუნებას და მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობა. ასეთი დასახლებებისთვის კანონით განისაზღვრება სპეციალური შეღავათები და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები.

რეფორმის მოსალოდნელი შედეგები

- გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
- გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. ის დამოკიდებული აღარ იქნება ცენტრში მიღებულ უნიფიცირებულ გადაწყვეტილებებზე და გათვალისწინებული იქნება ცალკეული თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი სპეციფიკა;
- საქართველოში ჩამოყალიბდება ორდონიანი თვითმმართველობა, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპის ანალოგიური სიდიდის ქვეყნების მოწყობასთან;
- ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა გაზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას, რაც ხელს შეუწყობს ცალკეული ჯგუფების ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ალბათობის შემცირებას.
- ადგილებზე შეიქმნება ინიციატივიან პირთა გამოვლენისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში (საჯარო სამსახური, პოლიტიკური პარტიები და სხვა) კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევის პროცესს.

დოკუმენტი ემყარება კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" და საქართველოს სამთავრობო პროგრამას - "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის"; მომზადებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელობის მიერ.