მთავრობამ რუსეთის წინაშე ოკუპაციისას მიყენებული ზარალის კომპენსირებისა და ანაბრების დაბრუნების საკითხი უნდა დააყენოს

მთავრობამ რუსეთის წინაშე ოკუპაციისას მიყენებული ზარალის კომპენსირებისა და ანაბრების დაბრუნების საკითხი უნდა დააყენოს

„ახალგაზრდაადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია, თუმცა, სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საკითხმაც, რომელიც საქართველოს და საქართველოს მოქალაქეთა ლეგიტიმურ მიზნებსა და მოთხოვნილებებს მიესადაგება.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების პარალელურად დააყენოს ორი მნიშვნელოვანი საკითხი: პირველი: საქართველოს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება საბჭოთა ოკუპაციის გამო რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის მიღება მოითხოვოს და მეორე: საქართველოს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური არგუმენტები რუსეთის ფედერაციისგან, როგორც საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრესგან  საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოთხოვნის“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

“ახალგაზრდა ადვოკატებისთვის” საყურადღებოა საბჭოთა ოკუპაციის გამო კომპენსირების მოთხოვნის ნაწილში ლიტვის სახელმწიფოს დღევანდელი მკვეთრი პოზიცია, რომელიც რუსეთისგან კომპენსაციის მიღებას ლიტვის მოქალაქეებისთვის მიმართ სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს:

„ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, სამართლიანობის აღდგენის საკითხადაა მიჩნეული რუსეთის ვალდებულებები, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დროს, ასევე მეანაბრეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით“.  

ორგანიზაცია წერილით მიმართავს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძეს, რათა ოფიციალურ მოლაპარაკებებზე  საქართველოს მხრიდან დაისვას ზემოთხსენებული ორი მნიშვნელოვანი საკითხი და რუსეთის ფედერაციისგან  სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, მივაწოდოთ მასალები, მივაწოდოთ დოკუმენტები, რათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოხდეს საბჭოთა ოკუპაციის ზარალის დადგენა და საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პრობლემის სამართლებრივი ანალიზი. მეტიც, ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, რომლის შესწავლასაც ორგანიზაცია დღეიდან იწყებს, საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზი იქნება“ –  აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.