აქციის მონაწილე გიორგი გორელაშვილმა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო გასამართლებული, აცხადებდა, რომ "პრეზიდენტის არ აქვს სიტყვის წარმოთქმის უფლება და ჩვენ მას შენობაში არ შევუშვებთ. სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის".
გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის მთავარი მოკავშირეები მოვიდნენ, პრეზიდენტის გამოსვლის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს.
"ბიბლიოთეკის ცენტრალური კარი ცოცხებით მორთეს, ციხეში წამებასთან დაკავშირებული ავადსახსენებელი სკანდალის ნიშნად, რომელის ამსახველი ვიდეოებიც შარშან შემოდგომაზე გავრცელდა და სადაც მამაკაცს ცოცხით აუპატიურებდნენ. ორმა მამაკაცმა რამდენჯერმე დაარტყა ჩიორა თაქთაქიშვილს, რომელიც კამპანიის დროს სააკაშვილის პარტიის სპიკერად მუშაობდა. გაოგნებულ დეპუტატს ცალი ნესტოდან სისხლი სდიოდა. სკანდალი დაახლოებით 10 წუთში დასრულდა, როდესაც სააკაშვილის მოკავშირეებმა ტერიტორია დატოვეს. ორივე მხარე ძალადობის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებდა. პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ეს ფაქტი ჟურნალისტებთან საუბრისას აღწერა, როგორც "მორიგი სპექტაკლი და პროვოკაცია სააკაშვილის მხრიდან, რასაც აქციის მონაწილეები სამწუხაროდ, წამოეგნენ". იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მანამდე შევიდნენ შენობაში, სანამ ჩხუბი დაიწყებოდა, დიპლომატები იყვნენ, რომლებიც ღონისძიებაზე სააკაშვილის მიწვევით მივიდნენ, მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი", - აღნიშნავს გამოცემა.
"არსებობს დემოკრატიის გარკვეული საბაზისო პრინციპები და მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამა თუ იმ საკითხის მიმართ ან რამდენად მოტყუებულად გრძნობთ თავს, თქვენ არ გაქვთ უფლება მიმართოთ ძალადობას და ცემოთ პარლამენტარები, როდესაც ისინი შენობაში შედიან, რათა მოუსმინონ პრეზიდენტის სიტყვას", - განაცხადა ნორლანდმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა იმ ცნობების გამო, რომლის თანახმად ხალხის მასა სააკაშვილის სასახლისკენ მიემართებოდა.
"ერთადერთი რაც ჩვენ, რიგით ადამიანებს დაგვრჩა არის ის, რომ ვილოცოთ მშვიდობის დაბრუნებისთვის. ვშიშობ, რომ ამის შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას", - თქვა 45 წლის ალექსანდრე მახარაშვილმა.