საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტს და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაატაროს ობიექტური და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით.
კერძოდ, 2013 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენა დაიგეგმა. აღნიშნულს საჯარო ბიბლიოთეკის წინ რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება მოჰყვა, რომლებიც აპროტესტებდნენ პრეზიდენტის მოსალოდნელ გამოსვლას. მათი ნაწილი ითხოვდა შენობაში შესვლას, რათა პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცემოდათ. აქციის მონიტორინგის მიზნით, ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მონიტორინგისა და გავრცელებული ვიდეო მასალის თანახმად, აქციის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ როგორც შენობის წინ არსებული ტერიტორია, ასევე შენობის კიბეები და მთავარი შესასვლელი. დაახლოებით 18:00 საათზე შენობასთან მოვიდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგნელები და ქალაქ თბილისის მერი. აღნიშნულს ადგილზე ფიზიკური შეხლა შემოხლა მოჰყვა, რაც ასევე დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა როგორც რაოდენობის, ისე მათი მოთხოვნებისა და განწყობის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ინციდენტის შემდეგ ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა და მისი განცხადება აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ პოზიტიურად უნდა იქნეს შეფასებული.