საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველი მოადგილის, დავით ზალკანიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატიური არხების საშუალებით ცდილობს, დაადგინოს დსთ-სთან დაკავშირებით რუსი დიპლომატის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადების წარმომავლობა.
დავით ზალკანიანის განცხადებით, არანაირი დიალოგი დსთ-ში საქართველოს დაბრუნებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ არც ერთ ოფიციალურ პირს ამასთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ ჰქონია რუსულ მხარესთან.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ევდოკიმოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს.
საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.