ვანო ჩხარტიშვილი: „საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს,  იცოდეს  სიმართლე საბჭოთა ანაბრების საკითხთან დაკავშირებით“

ვანო ჩხარტიშვილი: „საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, იცოდეს სიმართლე საბჭოთა ანაბრების საკითხთან დაკავშირებით“

დღეს ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებისთვის ცნობილია მიზეზები, რის გამოც, წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს,  იძულებით მომიხდა საქართველოდან წასვლა. ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განხორციელების მომხრე და სამართლისა და სამართლიანობის დამკვიდრების გარანტიც,  ცხადია,  დავბრუნდები სამშობლოში და შევეცდები, ქვეყნის განვითარების  საქმეში  ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.

არასდროს ვყოფილვარ ქართული მედიისთვის მიუწვდომელი. ახლაც მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად. დღევანდელი განცხადების გავრცელება  გადამაწყვეტინა კამპანიური ნიშნების მატარებელმა პროცესმა, რომელიც ბოლო დღეებში ბეჭდურ, ტელე თუ ინტერნეტ მედიაში განვითარდა საბჭოთა ანაბრების თემასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი პირადად მე მდებს ბრალს საბჭოთა ანაბრების გაუფასურებასა და მითვისებაში.

არ შევუდგები არაფრის მტკიცებას. რამდენჯერაც კითხვა დასმულა, მედიის თუ კანონმდებლების მხრიდან, არასდროს გავქცევივარ პასუხებს. ამჯერად ძალიან მკაფიოდ, ხმამაღლა და ყველა დაინტერესებულის გასაგონად  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე, ვანო ჩხარტიშვილს არანაირი შეხება საბჭოთა ანაბრების გაუფასურებასთან და მითვისებასთან არ მქონია და ეს თემა, თავის დროზე, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ააგორეს „შავი პიარის“ დიდოსტატებმა, რომელთა სახელ-გვარების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ.

უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ქართველი  საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, იცოდეს სრული და პირუთვნელი სიმართლე იმ ტრაგიკულ პროცესთან დაკავშირებით, რასაც ჰიპერინფლაცია და მისი თანამდევი საბჭოთა ანაბრების გაუფასურება ჰქვია.

იმედი მაქვს, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ეს თემა გახდება მიუკერძოებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების ინტერესის  საგანი, რის შედეგადაც საზოგადოება ცხადად დაინახავს პროცესის მთელ სიმძიმეს, მის გამომწვევ  ობიექტურ და  სუბიექტურ ფაქტორებს, ამ სუბიექტური ფაქტორების შემქმნელი პირების ვინაობასაც.  ამ პროცესის მთავარი შედეგი კი ის იქნება, რომ  მოხერხდეს დაზარალებულთა ღირსეული კომპენსირების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც დროში გონივრულად იქნება გაწერილი და მძიმედ არ დააწვება ქართულ ეკონომიკას. ასეთ პროფესიულ მიდგომას მხოლოდ მივესალმები.

სხვა შემთხვევაში, ეს თემა ისევ  დარჩება  ხელმოცარული პოლიტიკოსების უნიჭო არგუმენტად, ისიც, ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდებში და საზოგადოება კიდევ დიდხანს იქნება საბჭოთა ანაბრების საკითხთან დაკავშირებით თვალში ნაცარშეყრილი. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ოჯახს, ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს შეეხო და გულწრფელად ვიქნები მოხარული, თუკი მისი საფუძვლიანი კვლევით მართლაც დაინტერესდება მედია და სამოქალაქო სექტორი“.

ვანო ჩხარტიშვილი - ლონდონი,  2013 წლის 27 იანვარი