საპარლამენტო უმცირეობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი პეტრე ცისკარიშვილისა და ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსეი პუშკოვის შეხვედრას უარყოფს.
თაქთაქიშვილი სტრასბურგში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელ Facebook-ში საუბრობს.
„ისევ სტრასბურგიდან - ამჯერად, დიალოგზე ფინჯანი ყავის თანხლებით. დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ ეს მხოლოდ არაფორმალური საუბარი იქნებოდა კაფეტერიაში ფინჯანი ყავის თანხლებით. სინამდვილეში, წინასწარ დაბრონილ ოთახში, ფორმალური „tete a tete“ შეხვედრა გაიმართა და ბრალდებები, თითქოს პეტრე ცისკარიშვილსაც ჰქონდა ასეთი შეხვედრა პუშკოვთან, ტყუილია! პეტო არასოდეს შეხვედრია პუშკოვს არავითარ ფორმალურ ფორმატში პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე და რომც შეხვედროდა, ვინმეს ეპარება ეჭვი იმაში, რომ პეტო პუშკოვს რაღაცაზე გაურიგდებოდა?! აი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შეხვედრა კი, სახიფათოა. მათი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ არა მარტო რუსები, არამედ დასავლელი პარტნიორებიც კი არ უნდა შეაწუხონ თავიანთი შემტევი პოზიციით. ივანიშვილის რუსულ მილიარდებზე, განცხადებებსა და მთლიანად ჩვენი ახალი მთავრობის პრორუსოლობაზე რომ არაფერი ვთქვათ!“, - აცხადებს თაქთაქიშვილი.
ამას გარდა, დეპუტატი რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების აპრილში დაგეგმილ შეხვედრასაც ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას პუნქტობრივად აყალიბებს.
„მედიაში გაჟღერდა, რომ რუსეთის და საქართველოს დელეგაციების შეხვედრები დაიგეგმა აპრილში. ასეთი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უდიდეს საფრთხეებს შეიცავს - 1) საბაბს ვაძლევთ რუსეთს, თავი გაიმართლოს - თუ რატომ შლის ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებს. იტყვიან, აი, ევროსაბჭოში მშვენივრად ვსაუბრობთ ქართველებთან და გვაცალეთო! ეს კი ნიშნავს იმას, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც რუსეთის ჯარის გაყვანას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატის დამყარებას გულისხმობს არასოდეს შესრულდება და შესაბამისად, სამშვიდობო გზით, დეოკუპაციის პერსპექტივა გაქრება.