მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე საპარლამენტო უმცირესობის ორი წევრი - ტარიელ ლონდარიძე და კახა ბუცხრიკიძე დაიბარეს.
ამის შესახებ ჟურალისტებს სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრებისადმი პირდაპირი ზეწოლა გრძელდება.
„საკონსტიტუციო ცვლილებები და როგორც ჩანს, პირდაპირი ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, მათი დაშინება - დაპატიმრება, პროკურატურაში დაბარება ის გზა გახლავთ, რომლითაც უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობის მოგროვებას აპირებს“, - აცხადებს ექს სპიკერი.
ბაქრაძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა - დაკითხვაზე დეპუტატის დაბარების წესი დაიცვან.
„დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებას აქვს თავისი წესი და პროცედურა. ნუ დაარღვევენ კანონს. კითხვაზე პასუხს არც ერთი დეპუტატი არ გაურბის, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონი და ამ ყველაფერმა პოლიტიკური დაშინების სახე არ უნდა მიიღოს“, - დასძინა სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში ლონდარიძისა და ბუცხრიკიძის გარდა, დაკითხვაზე დაბარებულნი არიან პაატა ლეჟავა და როლანდ ახალაია, თუმცა, კანონმდებლები კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვენ და დაკითხვაზე არ ცხადდებიან. რაც შეეხება დავით საყვარელიძეს, დეპუტატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული, თუმცა, ისიც კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვს.