დიმიტრი ლორთქიფანიძე:

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ჩვენ დავიწყებთ აჯანყებისთვის მზადებას"

„იმ შემთხვევაში, თუკი არ შესრულდება ჩვენი და სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნები, ჩვენ დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი“- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძე თბილისის იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ ერთი ორგანზატორია. აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო და გააუქმა.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დარეგისტრირება.