პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილს როგორც ლიდერს აღარ უყურებენ.
ამ კონტექსტში ექსპერტმა ბიზნესმენების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელებიც მისივე თქმით, მზად არიან ინვესტიცია ოპოზიციაში ჩადონ."ბიზნესმენები ამ ქვეყანაში ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველაზე კარგად გრძნობენ ცვლილებების დასაწყისს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ "ქართულმა ოცნებამ" მთელი პოლიტიკური კაპიტალის ნარჩენი დახარჯა ამ არჩევნებზე. მეორეხარისხოვან პროდუქტში ასმაგი გადაიხადეს, რაც ცუდ მოთამაშეს მოსდის. მოიგეს არა პოლიტიკური კვალიფიკაციის ხარჯზე, არამედ მოიგეს იმიტომ რომ გამუდმებით აორმაგებდნენ ფსონებს. ამ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებას პრობლემები კი არ შეუმცირდა, თითქმის შეუქცევადი პროცესების წერტილში მივიდა. მისი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა" არ არის, როგორც ამას ხატავენ, არამედ მისი ოპონენტია პრაქტიკულად ყველა. ძალიან მაინტერესებს ვინ არის "ქართული ოცნების" პარტნიორი?! კი ბატონო, მათ აქვთ სალარო. ლიდერების კი არ ჰყავთ. ბიძინა ივანიშვილი ძალის ცენტრია, თუმცა ლიდერი აღარ არის. ჩვენ ვნახეთ მისი ორი ინტერვიუ, სადაც ის ამ ქვეყანაზე არ იყო, რითაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და კიდევ უფრო გააბრაზა საზოგადოება... რეალობამ ივანიშვილი მიწაზე დაანარცხა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონი „ქართულ ოცნებაში" მას როგორც ლიდერს აღარ უყურებენ. მას უყურებენ, როგორც რესურსების ცენტრს, საიდანაც რაღაც უნდა მიიღოს, ყველა ელოდება მისგან მოწყალებას ან ფულს. ეს არჩევნების წინაც კარგად ჩანდა ამ პარაზიტებისგან"- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის განცხადებით, ივანიშვილმა ირგვლივ "ტონობით ვაზელინი" შემოიკრიბა.
"საღი აზრი იქ არ ტრიალებდა, ვაზელინით გაზეპილ ოთახში უწევდა მუშაობა. ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ამ ოთახიდან, რეალობას გაუსწოროს თვალი და ესაუბროს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უნარი სიმართლე პირში უთხრან"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.