მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საეჭვო წყაროზე დაყრდნობით ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე ალაპარაკდა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ პირადობის 17 მოწმობა აჩვენა მონაწილეებს.
გრიგოლ ვაშაძე ირწმუნებოდა, რომ 8-10 წლის წინ გარდაცვლილთა პირადობის დამადასტურებელი ამ დოკუმენტებით ხელისუფლებამ გურიაში არჩევნები გააყალბა.
ეს პირადობის მოწმობები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლანჩხუთის საკრებულოში, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა კახა ასკურავამ როგორც თავად ამბობს სარდაფში საქმეზე ჩასულმა არ იპოვა.
ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის ინფორმაციით, პირადობის მოწმობები ასკურავას ადგილობრივი გაზეთის “ლანჩხუთ +”-ის რედაქტორმა ქეთინო ნაკაშიძემ გადასცა. დოკუმენტები კი მის რედაქციაში წლების წინ, მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გარდაცვლილთა ოჯახების წევრებმა გაზეთში ნეკროლოგის გამოსაქვეყნებლად მიიტანეს და იქვე დატოვეს. ნაკაშიძე ადასტურებს, რომ ჭირისუფალს რედაქციაში პირადობის მოწმობები ხშირად მიაქვს, თუმცა ამ სკანდალთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ნაკაშიძე “ქრონიკის” ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა და არც ასკურავასთან და არც პირადობის მოწმობების გავრცელებასთან არაფერი აკავშირებდა. თუმცა მას საუბრისას მნიშვნელოვანი დეტალი წამოსცდა.
“ტყუილია ეგ, ჩემთან არ ინახება ასეთი გაწკრიალებული, გაპიწკინებული პირადობები”, – თქვა ნაკაშიძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე თვითონ ნახა თუ არა ეს მოწმებები მან უპასუხა: “არა ტელევიზორში ვნახე..”
თუკი მას ეს დოკუმენტები ნამდვილად არ უნახავს, საინტერესოა, როგორ შეაფასა მოწმობების მდგომარეობა, მხოლოდ იმ კადრებით, რაც სატელევიზიო ეთერებით გავრცელდა. რედაქტორი კითხვებმა გააღიზიანა და “ქრონიკის” ჟურნალისტს ჯერ პროტესტი გამოუცხადა, მოგვიანებით კი პოლიციის ძალით, რედაქციიდან გაგდებით დაემუქრა.
მთავარმა პროკურატურამ გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობების შესაძლო დაბედჭვის ფაქტზე გამოძება დაიწყო.