გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, 11 სუბიექტიანი ოპოზიციური გაერთიანების დაშლასთან დაკავშირებით, უარყოფს.
გამყრელიძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.
"უკვე მეორე ჟურნალისტმა მკითხა დღეს, მართალია თუ არა ჭორი, რომ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია, რადგან ვერ თანხმდებით სხვადასხვა საკითხებზეო. დღემდე ვთანხმდებოდით, ვთანხმდებით კი არა, ხედვების ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა ჩვენში და კამათი მხოლოდ ფორმებზე მიმდინარეობს და არა შინაარსზე. მეტიც, უახლოეს დღეებში ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს ოპოზიციური ფლანგიდან. აი, ვის უნდა გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა, ეს ცალკე საკითხია. მათ, ვისაც საზოგადოების გაერთიანების ეშინია. არ უნდა კონფრონტაციისა და რადიკალიზაციის დამთავრება, რადგან მხოლოდ ამღვრეულ წყალში გრძნობს თავს კომფორტულად. ვერ მოგართვით“! - წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მათი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.