პოლონეთის ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კლიმატის ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ, ქვეყანაში არ შეუშვა. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, მესაზღვრეებმა სამოქალაქო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი არ გაატარეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე და კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.org-ის წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე.
ნუგზარ კოხრეიძის განმარტებით, ის გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციააზე დასასწრებად იყო მიწვეული, თუმცა პოლონეთში მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მას პოლონეთში ვერ შეუშვებენ, რადგან მისი სახელი საშიშ პირთა სიაშია შეყვანილი.
სამართალდამცველებმა მას ორი ვარიანტი შესთავაზეს - უკან გაბრუნებულიყო საქართველოში და პოლონეთში მოგვიანებით ჩასულიყო, უარის შემთხვევაში კი დეპორტაცია დაემუქრებოდა და 5 წლით პოლონეთში შესვლა აეკრძალებოდა. პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
"გუშინ ქუთაისიდან, დორტმუნდის გავლით, პოლონეთში, კონკრეტულად კი, ქალაქ კატოვიცაში მივფრინავდი გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციაში მონაწილეობისთვის, COP24. ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მაქვს, როგორც საერთაშორისო მოძრაობის 350.org-ის აკრედიტაცია ასევე გაეროს აკრედიტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ვარ ეროვნული დელეგაციის წევრი მოლაპარაკებების დროს. კატოვიცაში ჩამოვფრინდი გუშინ 8 საათზე პოლონეთის დროით, საპასპორტო კონტროლზე, მესაზღვრემ პასპორტის შემოწმების შემდეგ მთხოვა სხვა ხაზში გადავსულაყავი. შემიყვანეს ოფიცრების ოთახში. სტანდარტული კითხვები დამისვეს. ვაჩვენე ყველა შესაბამისი საბუთი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს რომ უარს მეუბნებიან ქვეყანაში შესვლაზე. მე ბუნებრივია დავინტერესდი მიზეზით, რაზედაც მიპასუხეს, რომ სისტემა აჩვენებს, რომ მე არ უნდა შემიშვან. სხვა ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ. შემდეგ მაჩვენეს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ჩემი არ შეშვების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია, პოლონეთის მთავრობის მიერ სპეციალურად ამ COP24 უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რეგულაციის მიღება, სადაც ერთ-ერთი მიზეზთა შორისაა პოლონეთის საზოგადოებისთვის სახიფათო მოქმედება," - აცხადებს კოხრეიძე.
კოხრეიძის განცხადებით იგი ოფიციალურ ახსნა-განმარტებითი ბარათს ითხოვს, სადაც მომხდარზე ზუსტად იქნება ინფორმაცია მითითებული. მისივე თქმით, ამ გაუგებრობას არკვევს საქართველოს საელჩო პოლონეთში, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფორუმის ორგანიზატორები, საქართველოს დელეგაცია და სხვება პირები.