„არ მონაწილეობს პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ნაციონალური მოძრაობის" წევრია, თუმცა აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში ამ არჩვენებზე. ზოგადად, მისი აზრი რაიმე პოლიტიკურ პროდუქტებზე ჩემთვის უცნობია," - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას მისი თანაპარტიელის ნინო კალანდაძის განცხადებას.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო კალანდაძემ სოცილაურ ქსელ „ფეისბუკზე" შემდეგი სახის პოსტი გამოაქვვეყნა:
„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთი და იგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც.
„ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს - სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა, სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ მგონი აწი იწყება," - წერს ნინო კალანდაძე.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა სალომე სამადაშვილის ასევე „ფეისბუკზე" გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ის წერს, რომ აღარ აპირებს „არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს". კალანდაძის განცხადება, სავარაუდოდ, მის ამ პოსტზე გამოხმაურება იყოს.
„რეზონანსთან" საუბრისას სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. მისი თქმით, აქციას, სადაც „ჩვენი პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძეა" არ შეუერთდება, რადგან მსგავსი აქციები შედეგს ვერ გამოიღებს.
„აქ პარტიის დაპირისპირებაზე არ არის საუბარი. გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია. იქ არის ბევრი სხვადასხვა სუბიექტი. როდესაც მსგავსი მრავალსუბიექტიანი, ასე ვთქვათ, მოთამაშე გეგმავს აქციას, ვფიქრობ მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ რა არის მთავარი გზავნილი და ამოცანა ამ აქციაზე.
„ინაუგურაციის პარალელურად თუ ჩატარდება გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რომელსაც დიდი სურვილი მაქვს შემოუერთდეს ყველა სხვა პარტია, მნიშვნელოვანია რა გზავნილი იქნება. ასეთი გზავნილი უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნები სისტემის შეცვლა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
„თუკი აქცია ინაუგურაციის პარალელურად ჩატარდება, სადაც მთავარი გზავნილი „ჩვენი პრეზიდენტი არის გრიგოლ ვაშაძე" იქნება, ამ აქციას არანაირი აზრი არ აქვს და ასეთი აქცია შედეგს ვერავისთვის მოიტანს, მათ შორის ვერც „ნაციონალური მოძრაობისთვის" და ვერც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ეს აზრი საჯაროდ დავაფიქსირე და ყველას შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.