ჯარში წვევამდელი დაიღუპა. გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა წვევამდელი 21 წლის ჯაბა გაბიტაშვილი. თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულის ოჯახს ტელეფონით აცნობა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა. სატელეფონო ზარის შემდეგ დაღუპულის ოჯახს პირისპირ თავდაცვის სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი არ დალაპარაკებია. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დაღუპული წვევამდელის ოჯახის წევრები პროზექტურასთან იმყოფებოდნენ და ცხედრის ნახვას ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და საეჭვო დეტალებზე საუბრობენ. პროზექტურასთან შეკრებილი დაღუპულის ახლობლები ამბობდნენ, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, რომელიც ასევე კახეთიდან იყო.