“მესამე ქართველი” - ედუარდ შევარდნაძე (ნაწილი პირველი)

“მესამე ქართველი” - ედუარდ შევარდნაძე (ნაწილი პირველი)

ეს წერილი ეძღვნება ერთი მეტად არასასურველი ტენდენციის დაძლევას, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გასულ ქართველ პოლიტიკოსთა ისტორიული წვლილის უნებლიედ თუ განზრახ - სახვადასხვა იდეოლოგიურ მოსაზრებათა კარნახით დაკნინებასა და მიჩქმალვაში გამოიხატება. ეს ტენდენცია მიმართულია ქართველი ერის ისტორიული ფუნქციის ნიველირებისკენ, რადგან, მას, როგორც ერთა მართვის მანიის კლასის წარმომადგენელს, მთელი ისტორიის განმავლობაში (მათ შორის უკანასკნელი სამი საუკუნის ანუ რუსეთთან მზარდი ინტენსივობის ურთიერთობის პროცესში) შეზღუდული ჰქონდა პირდაპირი ინსტიტუციური თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ისტორიის პროცესზე გავლენას, ძირითადად, კატალიზატორის ეფექტით მოქმედი ინდივიდური ფაქტორის მეშვეობით ახდენდა.

ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით (ჩვენ ვეყრდნობით ფსიქოლოგიის ქართული სამცნიერო სკოლის ამ ახალ მიღწევას), ამგვარი შეზღუდულობის საფუძველია მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი (გაფართოებით) რეალიზაციის პრიორიტეტულობა, ქართველი ერის მომცავ ეგეოსური ცივილიზაციის (ნოოცენოზის), ისევე, როგორც აქამდე არსებული ყველა სხვა მეორადი ცივილიზაციის, გაფართოების, უკანასკნელ დრომდე, უწყვეტი აქტუალობის საფუძველზე. მართალია, ჩვენს დროში ეგეოსურ ცივილიზაციის (ეგეოსური ნოოცენოზის) გლობალიზაცია დასრულდა, მაგრამ მისთვის გაფართოება კვლავაც აქტუალურია ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეფექტის გლობალიზაციის პროცესის მნიშვნელობით, რადგან თანამედროვე ერთა მნიშვნელოვან ნაწილს ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური არა აქვს დაძლეული.

ქართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში თვითდაკნინების პოზიციის ბატონობის დამადასტურებელ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ “მესამე ქართველის” კონცეფცია, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პროცესის ლაკონური ასახვის (სიმბოლოში მოხელთების) მცდელობის პროდუქტია. როგორც ვნახავთ, შესაძლებელია ამ კონცეფციის ლოგიკურად გამართვა და, გარკვეული ასპექტებით, მეცნიერულ დებულებადაც კი ჩამოყალიბება. მასზე ყურადღების შეჩერება ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ ამ კონცეფციის განხილვა გვაძლევს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დიდმასშტაბიან ექსპოზიციაში გაშუქების და მისი დღემდე გაუცნობიერებელი ასპექტების წარმოჩენის შესაძლებლობას.

“მესამე ქართველის”კონცეფციის შესაბამისი ქართული სამეული, როგორც წესი, შემდეგი შემადგენლობით სახელდება: სტალინი, ლავრენტი ბერია, ედუარდ შევარდნაძე. როგორც ვნახავთ, ეს არჩევანი სწორია, რაც ინტუიციის ნაყოფად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ლოგიკური დასაბუთების, სამეულის წევრთა შერჩევის კრიტერიუმების ასპექტით ეს კონცეფცია დღემდე დაუსრულებელია, თუმცა, მათ შესახებ გარკვეულ მინიშნებებს ამ კონცეფციაშიც ვხვდებით.

კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, დასახელებული სამეულის წევრებს გააჩნიათ არჩევის კრიტერიუმზე მიმანიშნებელი ერთი საერთო მახასიათებელი. კერძოდ, მართალია, შეიძლება დასახელდეს არა ერთი ქართველი, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთის ისტორიაში, როგორიცაა მაგალითად: ალექსანდრე ბაგრატიონი - პეტრე I დიდის თანამებრძოლი, რუსული სამხედრო მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, “რუსეთის არტილერიის მამა”, როგორც მას უწოდებენ; პეტრე ბაგრატიონი - ერთ-ერთი გამოჩენილი სამხედრო ლიდერი მსოფლიოს ისტორიაში (თავად სუვოროვის და ნაპოლეონის აზრით); ირაკლი წერეთელი – სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლი, რუსეთის დუმის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე და რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი; ნიკოლოზ ჩხეიძე - რუსეთის დუმის, ასევე, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, რუსეთის დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბების ინიციატორთაგანი, ხელისუფლების უმაღლესი ინსტიტუტის - ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (საკანონმდებლო, განმკარგულებელი და მაკონტროლებელი ორგანო) თავმჯდომარე, კარიერის დასასრულს - ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე; ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქიზმის ერთ-ერთი მამამთავარი, “ანარქისტების მარქსი”, როგორც სტალინმა უწოდა; სერგო ორჯინიკიძე - ბოლშევიკ–სამხედრო ლიდერთაგანი და საბჭოეთის ინდუსტრიალიზაციის პროგრამის კურატორი; აბელ ენუქიძე - საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის უცვლელი პირველი მდივანი 17 წლის განმავლობაში, 1930-იან წლებში პარტიულ ელიტაში სტალინის ოპოზიციის ლიდერი და მის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზატორი; ალექსანდრე ნადირაძე - საბჭოთა რაკეტმშენებლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ილია ვეკუა - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის დამფუძნებელი და ა.შ. - მაგრამ მათ შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პროცესზე გავლენის მასშტაბის მიხედვით, სტალინს, ლავრენტი ბერიას და ედუარდ შევარდნაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ვნახავთ, ამ მახასიათებლით მათ არაფრით ჩამოუვარდება პავლე ციციანოვი - საქართველოს მთავარმართებელი 1802-1806 წლებში. ამასთანავე, ეს უკანასკნელი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე არსებული საზოგადოებრივი აზრის სხვა აპექტის მიხედვით, ლავრენტი ბერიაზე მეტად იმსახურებს ადგილს სათანადო ქართულ სამეულში.

საზოგადოებრივი აზრის ამ ასპექტის - რომელიც სამეულის წევრთა არჩევის ალტერნატიულ კრიტერიუმზე მიმანიშნებელია და, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდად ვერ სცილდება თანამედროვე ისტორიოგრაფია - წარმოდგენა მოხერხებულია შემდეგი ფაქტის მოშველიებით:

- 1992 წელს საქართველოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე მართლმადიდებლური წესით მოინათლა; ნათლობის სახელის არჩევანი - “გიორგი” - მისი ძის სახელის - პაატა - გათვალისწინებით, ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პუბლიცისტმა ედუარდ შევარდნაძის მიერ დიდი მოურავის ფენომენთან თვითასოცირების - “დიდი მოურავის სინდრომის” (ე.ხ.) - გამოხატულებად გამოაცხადა. დიდი მოურავის ფენომენის ყველაზე გავრცელებული (საზოგადოებრივი აზრის სათანადო) შეფასების მიხედვით, ეს ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის წარმოდგენას საქართველოში ხელისუფლებისთვის ბრძოლაში გარეგანი ძალების გამოყენების ინიციატორად და, ამდენად, საქართველოს გარეგანი ძალების ინტერესების ტყვეობაში მოქცევის საფრთხის აქტუალიზატორად და, რადგანაც, როგორც ცნობილია, დიდი მოურავის ფენომენისადმი დადებითი დამოკიდებულებთ ხასიათდებოდა სტალინიც, ის, აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, ედუარდ შევარდნაძის წინამორბედად მოიაზრება, ამ სტატუსში.

მაგრამ, ამგვარი კრიტერიუმით, მათთან ერთად ლავრენტი ბერიას დასახელება გაუმართლებელია: სტალინის ზეობის წლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სფეროში სხვა ინიციატორის დასახელება უსაფუძვლოა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ლავრენტი ბერია საქართველოზე საკავშირო ხელისუფლების გავლენის შემცირების მცდელობის ინიციატორადაც კი დაფიქსირდა (იხ. ქვემოთ). მაშასადამე, აღნიშნული კონცეფციის ლოგიკურად გამართვა, სწორედ რომ, მოითხოვს ქართულ სამეულში ლავრენტი ბერიას პერსონის პავლე ციციანოვის პერსონით ჩანაცვლებას. ამრიგად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე არსებული საზოგადოებრივი აზრის, მასშივე მინიშნებული კრიტერიუმების მიხედვით ანუ საზოგადოებრივი აზრის მიხედვით ინტერპრეტირებულ, “დიდი მოურავის სინდრომის” უმაღლესი რეალიზაციების ქართული სამეული შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

1) პავლე ციციანოვი - 1802 წელს “ქართული სამეფო სახლის დამარბეველი (ბაგრატიონთა სამეფო შტოს რუსეთში გადამსახლებელი), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობის ჩამშლელი, რუსიფიკატორული პოლიტიკის ფუძემდებელი”;

2) სტალინი - “1918 წელს აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამამხობელი, ქართველი ერის საბჭოთა იმპერიაში გამომწყვდეველი”;

3) ედუარდ შევარდნაძე - “1991 წელს აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირობებში, ეროვნული აღორძინების პროცესის ჩამშლელი (მას მიეწერება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის ინიციირება), საქართველოს კულტურული დაქვეითების და ეკონომიკური გაჩანაგების გზაზე დამყენებელი”.

ამ კონცეფციის მთავარი (დაუძლეველი) უზუსტობა დიდი მოურავის ფენომენის არასწორ ინტერპრეტაციაში მდგომარეობს: ისტორიული მოცემულობის მიხედვით (მაგ. იხ. ზურაბ კვეტენაძის წიგნი - “სნობისტური ცნობიერების “უკანასკნელი შეტევა” დიდ მოურავზე”. თბ. 2006), დიდ მოურავს საქართველოს წინააღმდეგ გარეგანი ძალების აგრესიის ინიციირებაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, პირიქით, მისმა ინიციატივებმა, რასაც მისმა მტრის ბანაკში მოქმედების შესაძლებლობამაც შეუწყო ხელი, სწორედ რომ გადაარჩინეს ქართველი ერი; მაშასადამე, “დიდი მოურავის სინდრომი” გამოიხატება პიროვნების სამოქმედო სტრატეგიაში, რომელიც მისი ერის მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილ და პირდაპირი წინააღმდეგობით შეუჩერებელ გარეგან ძალასთან შეკავშირებაში გამოიხატება, მისი აგრესიის დესტრუქციული შედეგების, აღსაკვეთად ან შესამცირებლად, შეფარული მოქმედებით. სწორედ ასე ესმოდა დიდი მოურავის ფენომენი სტალინს და, საფიქრებელია რომ, ასე ესმის ის ედუარდ შევარდნაძესაც. ამრიგად, სზოგადოებრივი აზრის ამ ასპექტის მიხედვით მათი შეფასება სრულიად უსაფუძვლოა.

ამგვარი შესავალი საკმარისი უნდა იყოს იმის ცხადსაყოფად, რომ ავტორი ითვალისწინებს განსახილველ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში და დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებს და, ამდენად, რომ ეს შეხედულებები ვერ გამოდგებიან ქვემოთ წარმოდგენილ დებულებათა კონტრარგუმენტებად.

* * *

გადავიდეთ დასახელებული საკითხის ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან ანუ კრიტერიუმების დაზუსტებით განხილვაზე. საამისოდ უნდა დავუბრუნდეთ ქართული სამეულის შემადგენლობის საკითხს.

ქართველი ერის, როგორც ერთა მართვის მანიის კლასის წარმომადგენლის, სახელმწიფოებრივი თვითორგანიზაციის მთავარი რესურსი მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფებია [მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზაციის თავისებურებები წარმოდგენილია ავტორის წერილში “სომხობის” ფენომენის შესახებ (ნაწილი პირველი)]. პავლე ციციანოვის რუსიფიკატორული პოლიტიკა ქართული არისტოკრატიისთვის რუსეთის იმპერიის, გერმანული პროტოტიპის ნიმუშით გამართულ, ცენტრალიზებულ და იერარქიულ სისტემაში ასპარეზის გახსნას ემსახურებოდა, რაც, როგორც მადგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაცია, ქართული სახელმწიფოებრიობის არა დამხობის, არამედ მისი აქტუალიზაციის გამოხატულებაა. ის გარემოება, რომ აღნიშნული ინიციატივები ქართული სახელმწიფოებრიობის არა ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტადვე განვითარებას, არამედ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ელემენტად გარდაქმნა-ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, ვერ ჩაითვლება დესტრუქციულად.

ამასვე მიუთითებს პავლე ციციანოვის ინიციატივების მეორე ასპექტიც, საქართველოში ეკონომიკური განვითარების დაჩქარების მცდლობა, სხვა ღონისძიებათა შორის, ისლამური იმპერიებიდან საქართველოში არმენიელ ვაჭართა და ხელოსან-მეწარმეთა გადმოსახლების კამპანიის ინიციირებაში გამოხატული, როგორც ცხრომის მანიის კატური ეფექტის ფენომენის აქტუალიზაცია. პავლე ციციანოვის ინიციატივის ეს ასპექტი “სომხობის” ფენომენის - ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერით და მასთან ასოცირებული ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით (და, ამდენად, დასავლეთევროპული ცივილიზაციის თანადროული მდგომარეობის მიხედვით, ორმაგად აქტუალური ფაქტორის) - რეაქტუალიზაციის ინიციირების მოვლენაა (“სომხობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, II და III მნიშვნელობების შესახებ იხ. ავტორის წერილი ამ თემაზე).

პავლე ციციანოვის ცხოვრების ხანა ქრონოლოგიურად დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას (XV ს. დასასრული - XIX ს. შუაწლები) ეკუთვნის, რომლიც, ე.წ. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პირობებში, ამ ცივილიზაციის გაფართოებით ანუ მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით წარიმართა. ეს ნიშნავს ამ ფაზაში წინა, პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის (XII ს. შუაწლები - XV ს. დასასრული) სათანადო ორმაგი ეფექტის ფენომენთა კომპონენტების - ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტთა ფენომენების - აქტუალობის შენარჩუნებას, თუმცა კი, მათი ურთიერთმიმართების დისფუნქციონალიზაციის საფუძველზე, მათი დაცალკევების - მონარქიებისა (ფორმის მანიის ეფექტის ფენომენები) და თავისუფალ ქალაქთა კავშირების (ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენები) ურთიერთსოლიდარობის (ორმაგი ეფექტის ფენომენების) დაშლის და ფორმის მანიის კლასის ერების (მონარქიების ინიციატივებით) და ცხრომის მანიის კლასის ერების (ვაჭართა ოლიგარქიების ინიცატივებით) გამოკერძოების ტენდენცის განვითარებით და, შედეგად, გაფართოების ობიექტის როლზე კონკურენციის მათ შორის გაჩაღებით. მაგრამ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ექსპანსიის პროცესში კავკასიის სივრცეზე ცხრომის მანიის და ფორმის მანიის კასტური ეფექტების (შესაბამისად, არმენიული და რუსული) ფენომენები არა კონკურენტ, არამედ ურთიერთხელშემწყობ ფაქტორთა როლში აღმოჩნდნენ. ეს აიხსნება იმით, რომ ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენი (პეტრე I დიდის მიერ ინიციირებული სანკტ-პეტერბურგის რუსეთი) ამ ცივილიზაციის ელემენტად ჩამოყალიბდა, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი კი, როგორც ისლამურ გარემოში ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის ადაპტაციის მექანიზმი და პროდუქტი - სხვა ცივილიზაციის ელემენტად, რომელიც ნოოფილოგენეზურად დაწინაურებულ დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციით განვითარების მეტ შესაძლებლობას ღებულობდა. ეს მათი თანამშრომლობის საფუძველს ქმნიდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის არმენიულ სამყაროზე გაფართოების მცდელობაში, რაც ვერ მოესწრო (შედეგად, ამგვარი კავშირი შენარჩუნდა) დასავლეთევროპული ცივილიზაციის არსებობის დასასრულამდე.

პავლე ციციანოვის ინიციატივების ორასპექტიანობა (ანუ ის, რომ იგი არ წარმოადგენდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის რომელიმე ერთ ელემენტს) მას ერით ქართველად და ქართველი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატუსში მის წინამორბედებად შეიძლება დავასახელოთ მეფეები: ვახტანგ VI და, თავისი ინიციატივების ერთ-ერთი ასპექტით, თვით ერეკლე II-ც.

საქმე ისაა, რომ XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის შუახანებამდე, ანუ დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაცია ქართველი ერის თვითრეალიზაციის უპირატეს ალტერნატივას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ XVII საუკუნის დასაწყისში, ეგეოსურ ცივილიზაციაში მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომის შედეგად, მართვის მანიის კლასის ქართველ ერს ამ ცივილიზაციაშიც აღუდგა აქტუალობა: დასავლეთევროპულ ცივილიზაციის ნოოფილოგენეზური დაწინაურებულობის (განმანათლებლობის ეპოქა - ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის შეუქცევადობის მიღწევა) გათვალისწინებით, ქართველ ერს მისი ნოოფილოგენეზური განვითარების შეფერხების დაძლევის მეტი შესაძლებლობა, სწორედ, ამ ცივილიზაციაში ექნებოდა (ეს შეფერხება ეგეოსური ცივილიზაციის სივრცის ნაწილზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას, ჩინური ცივილიზაციის ექსპანსიას, შედეგად ისლამური სამყაროს, ასევე, ცალკე ცივილიზაციად გამოყოფას და ექსპანსიას მოჰყვა. იხ ავტორის წერილი - “სტალინი”).

აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის სამფლობელოების მნიშვნელოვნად გაფართოება (მან გატეხა ბაქოს დამცველების წინააღმდეგობა, მაგრამ მუხანათურად იქნა მოკლული ქალაქის გასაღების ჩაბარებისას) იმერეთის სამეფოს და ოდიშის სამთავროს რუსეთის იმპერიასთან მფარველობის ხელშეკრულებით დაკავშირება, ანუ ის, რასაც მთავარმართებლმა ციციანოვმა მიაღწია კავკასიაში რუსული არმიის (ევროპაში რევოლუციური საფრანგეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით) მეტად შემცირებული კონტინგენტის და ადგილობრივი მომხრე ძალების ჩამოყალიბების და გამოყენების უნარის მეშვეობით, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ, რომ არა მისი ნაადრევი გარდაცვალება, მისი ინიციატივით წინაზიაში რუსეთის იმპერიის ექსპანსია განუზომლად უფრო დიდმასშტაბიანი იქნებოდა და შესაძლებელია პავლე ციციანოვი ეგეოსური ცივილიზაციის არსებობის დამამთავრებელი აქტის პერსონიფიკაციად დარჩენილიყო ისტორიაში. ამრიგად, ქართველ ერთან მისი მიმართება მაკედონელ ერთან ფილიპე მაკედონელის - ეგეოსურ ცივილიზაციაში მაკედონელი ერის ინტეგრაციის ტენდენციის (რომელიც შემდგომ განავითარა ალექსანდრე დიდმა) მაინიციირებლის - ან რუს ერთან ლენინის - რუსი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის (რომელიც შემდგომში სტალინის მიერ “ნეპ”-ის აღკვეთით ჩაიშალა - იხ. ავტორის წერილი “სტალინი”) მაინიციირებლის - მიმართების ანალოგიურია.

პავლე ციციანოვის ნაადრევმა გარდაცვალებამ ვერ შეაჩერა მის მიერ ინიციირებული (არ უნდა დაგვავიწყდეს მისი წინამორბედების: ვახტანგVI-ის და, კერძო ასპექტით, ერეკლე II-ს წვლილიც), ქართველი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის აქტუალობა, რაც შენარჩუნდა ამ ცივილიზაციის არსებობის დასასრულამდე. ამ ტენდენციას გარდა აღნიშნულისა (“სომხობის” ფენომენისა) გამოუჩნდა სხვა გამოხატულებებიც, რომლებიც ცხრომის მანიის და ფორმის მანიის კასტური ეფექტების ფენომენებად დიფერენციაციის ტენდენციას დაქვემდებარებულნი, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ამგვარი ელემენტების მზგავსად, კონკურენციულ ურთიერთდაპირისპირებაში აღმოჩნდნენ. ამგვარი ტენდენციის კერძო ასპექტად შემცველ (თუმცა მისით არ ამოწურვად) ფენომენებად შეიძლება დასახელდეს: სოლომონ დოდაშვილის დასი და რუსეთის წინააღმდეგ 1832 წლის შეთქმულების ჩამშლელ ქართველ არისტოკრატთა დასი; “მამათა დასის” და “შვილთა დასის” სახელებით ცნობილი დაჯგუფებები ქართულ; “მესამე დასის” მენშევიკური ფრთა; ეროვნულ საკითხში ნიჰილისტურ პოზიციაზე მდგარი ნაწილი ქართული ინტელიგენციისა, რომელსაც ეკუთვნოდა ნიკო მარიც (XIX ს. შუახანებიდან XX ს. 30-იანი წლების მიწურულამდე მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ფუნქციის ნიველირების ტენდენციის განვითარება, სწორედ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან დასახელებული ხანა დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის, მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის და მესამე ორმაგი ეფექტის ფაზებით - მართვის მანიის კლაის ერის არააქუალობას ხანით - არის გადაფარული). დასავლეთევროპული ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის გამომხატველია, ასევე, ქართულ კულტურაში გრიგოლ რობაქიძით, სანდრო ახმეტელით და “ცისფერ ყანწელების ორდენით” წარმოდგენილი ტენდენციის ერთ-ერთი ასპექტი.

ყოველივე აღნიშნული ადასტურებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიულ პროცესზე პავლე ციციანოვის ფენომენის გავლენის განსაკუთრებულ მასშტაბურობას, მაგრამ, ამასთანავე, წარმოდგენილი არგუმენტები მას სტალინის ფენომენის რადიკალურად საპირისპირო ფაქტორად წარმოაჩენენ:

- სტალინი, დასავლეთევროპულ და ეგეოსურ ცივილიზაციათა საარსებო ურთიერთბრძოლაში, ეგეოსური ცივილიზაციის წარმატებული თავდაცვითი რეაქციის და ექსპანსიის პერსონიფიკაციაა (იხ. ავტორის წერილი - “სტალინი”). როგორც ვნახავთ, ლავრენტი ბერიას და ედუარდ შევარდნაძის ფენომენებიც ეგეოსურ ცივილიზაციის ფაქტორებს განასახიერებენ და, ამდენად, მესამე ქართველის კონცეფციის სათანადო ქართული სამეული კვლავ ტრადიციული შემადგენლობით უნდა წარმოვადგინოთ: სტალინი, ლავრენტი ბერია და ედუარდ შევარდნაძე.

მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება, რომ ქართული სამეულის ამ შემადგენლობით დასახელება კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელი, დაახლოებით ერთსაუკუნიანი მონაკვეთის უარსებითესი ასპექტისა და კონსტრუქციული ტენდენციის გამომხატველია:

1) სტალინი - პერსონიფიკაცია: დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისა; დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის, სათანადო მეცნიერული პროგრამის არარსებობის პირობებში, ფსიქიკურ სტიქიათა კასტური ეფექტის ფენომენების საფუძველზე, აქტუალიზაციისა; სციენტოკრატიის ეპოქაში გადასვლის ტენდენციის აქტუალიზაციისა;

2) ლავრენტი ბერია - პერსონიფიკაცია დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ერების საფუძველზე აქტუალიზაციის ტენდენციის აქტუალიზაციისა, რაც, დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის მეცნიერული პროგრამის არარსებობის პირობებში, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის თავდაცვითი რეაქციით შეფერხდა;

3) ედუარდ შევარდნაძე - პერსონიფიკაცია დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ხელშემშლელ აღნიშნულ ფაქტორთა ლიკვიდაციის პრობლემის აქტუალიზაციისა (ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციიის ინიციატორი და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ლიკვიდაციის, დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის მეცნიერული პროგრამის იგნორირების პირობებში, რუსი ერის წინააღმდეგობის შედეგად ჩაშლილი ინიციატივის ავტორი).