თეა წულუკიანის შეხვედრა თემქის მოსახლეობასთან(VIDEO))

თეა წულუკიანის შეხვედრა თემქის მოსახლეობასთან(VIDEO))

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს თემქის მე-3 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
წულუკიანის განცხადებით, თემქაზე, ისევე როგორც მთელს რაიონში, უმუშევრობის პრობლემაა. ადამინებს არ აქვთ ოჯახის შენახვის, ავადმყოფის მოვლის, ბავშვებისთვის კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა.

„თემქაზე „ყველა სიკეთესთან“ ერთად ონკანებში მოდის სასმელად უვარგისი, ჟანგიანი წყალი, რომლითაც ადამინები იწამლებიან. აქვე ვნახეთ დიდი მიტოვებული ტერიტორია, სადაც ადრე საფეხბურთო სტადიონი და ქარხანა იყო, ახალი კი ქვეწარმავლები ბინადრობენ და ახლომდებარე კორპუსებს საფრთხეს უქმნიან“ , - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ქვეყნისთვის ყოვლად არასაჭირო პროექტებში, მაშინ როდესაც უამრავი ადამინი ელოდება სახელმწიფოსგან ქმედით დახმარებას.

„არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“ შენების წინააღმდეგი არ არის, პირიქით, თუკი ბოლო წლებში საქართველოში რამე აშენდა, ბიძინა ივანიშვილის ფულითა და ძალისხმევით აშენდა. ჩვენ გვინდა რომ ბიჯეტის ფული, მხოლოდ მნიშვნელოვან პროექტებში დაიხარჯოს და 1.5 მილიარდი დოლარი, არ წავიდეს ლაზიკას მშენებლობაში, რომელიც არავის ჭირდება. წარმოვიდგინოთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება 1.5 მილიარადით უკვე არსებულ ქალაქებსა და სოფლებში“, - განაცხადა წულუკიანმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას ასევე „ქართული ოცნების“ დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნო.