როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განმარტა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში 2012 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებებით, განსხვავებულად დარეგულირდა მიწერილ (რეგისტრაციიდან მოხსნილი) ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხი. ცვლილებების შესაბამისად, მიწერილი ამომრჩეველი, განსხვავებით 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან, კვლავ რჩება ამომრჩეველთა სიაში ძველი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ხმას აძლევს იმავე უბანზე როგორც მაჟორიტარულ ისე პროპორციულ არჩევნებში (მუხლი 184, პუნქტი 92 და 93).
ქუცნაშვილის განცხადებით, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის სახელმძღვანელო პრინციპს - „ამომრჩეველთა სია არის საქართველოს კანონმდებლობის წესით დადგენილ რეგისტრირებულ . . . პირთა სია (მუხლი 31, პ.1)“ და „ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მხოლოდ მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (მუხლი 31)., რისთვისაც აუცილებელია საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრის თანხმობა. შესაბამისად, პირი, რომელსაც რეგისტრაცია გაუუქმდა მესაკუთრის მოთხოვნითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის ამ სახელმძღვანელო პრინციპიდან გამომდინარე, აღარ აქვს ამომრჩეველთა სიაში ყოფნის უფლება.