„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოს რაიონში განვლილი კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალები გააცნო. ზაქარეიშვილის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელი იყო ის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელშიც წყალტუბოს რაიონის მოსახლეობას უწევს ცხოვრება. კოალიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ წყალტუბოში მოუწესრიგებელია გზები, წყლის სისტემა, სანიაღვრე არხები საერთოდ არ არსებობს. ბევრ სოფელში არ ფუნქციონირებს სკოლა და ამბულატორია. მისი თქმით, გადაუჭრელი ყოფითი პირობების გამო წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა ხელისუფლების მისამართით მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.