განვრცობილი ფიქრები

განვრცობილი ფიქრები

მახსოვს! როგორ შეიძლება, არ მახსოვდეს!

მახსოვს, როგორ მითხრა ნაცნობმა, რომელიც შინაგან ჯარებში მუშაობდა – შენ არ იცი, რას გადავრჩითო!.. ივნისში მითხრა.

- რა იყო, რუსეთი ხომ არ აპირებდა აფხაზეთიდან დარტყმას მეთქი, ვიკითხე… რკინიგზა რომ გახსნა რუსეთმა, რაღაცას ველოდი ცუდს… უცნაურად ჩაიღიმა და მითხრა, – რუსებზე ნაკლები დამრტყმელი ვართო?!

მახსოვს 7 აგვისტოს ის საღამო.

ცეცხლის შეწყვეტაზე სააკაშვილის გამოსვლა არ მომისმენია. სამაგიეროდ მახსოვს, როგორ ვერ ხვდებოდა თემურ იაკობაშვილი იმ დღეებში ოსური მხარის წარმომადგენელს ჩოჩიევს, და როგორ „გაკვირვებული“ იყვნენ ამ ამბით რუსი ელჩი პოპოვი და რუსების სამშვიდობოების სარდალი კულახმეტოვი. მახსოვს, ცოლს ვუთხარი, ნუთუ მთლად დებილები არიან მთავრობაში და მართლა სჯერათ, რომ კოკოითი უცებ ისე „ჯიუტი და თავნება“ გახდა, რომ რუსები აძალებენ ქართველებთან შეხვედრას და ეს „არ ნებდება“ მეთქი?

თურმე – იყვნენ…

წიგნს ვკითხულობდი. ბავშვებს ეძინათ. ცოლი შემოვიდა გაფითრებული და მითხრა – მიშა გამოდის, ცხინვალში შესულანო…

… მახსოვს სიმბოლურად ვარდისფერსაროჩქიანი პრეზიდენტი და მის უკან კედელზე ყველა ის დროშა, რომელთა გამოფენა ამ სუბიექტის უკან სირცხვილია და მარაზმი – საქართველოს ღერბი, ქართული დროშა, ევროკავშირის დროშა… მახსოვს არაბუნებრივი გამომეტყველება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა – გამეხებულ, გაბრაზებულ სახეს უცებ უსერავდა ღიმილი და ისევ ქრებოდა. მახსოვს მისი სიტყვები – ჩვენი სოფლებისადმი გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი, და მე გავეცი შეტევაზე გადასვლის ბრძანება. ჩვენ უკვე ვაკონტროლებთ თრიაყანის მაღლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ცხინვალს… ვერ ვიხსენებ, იხმარა თუ არა სიტყვები „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, რომელიც ნამდვილად იხმარა გენერალმა ყურაშვილმა. სამაგიეროდ, ის კი კარგად მახსოვს, რომ იმ ღამეს არავის არც ერთხელ არ უხსენებია რუსული არმია, რუსული ტანკები და 58-ე არმია…

მახსოვს ის კადრები, როგორ თავმომწონედ ჩამოგვითვალა ის პუნქტები, რომლებსაც ქართული ჯარი აკონტროლებდა. „სოფლების“ გვერდით ცალკე და სიამაყით გამოჰყო „დიდი სოფლები“, გეგონებოდა ჩინეთის ჯიანგსუს პროვინციას ვიღებდით, სადაც ზოგი სოფელი ოცი ათასიანია და ზოგი – გაცილებით დიდი.

ის ღამე აგარაკზე ვიყავით. არ მეძინა.

მეორე დღეს ტაქსით წავედი თბილისში. ტაქსისტი წყნეთელი მეზობელი იყო, აფხაზეთიდან ლტოლვილი. თვალებანთებული მიყვებოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ მალე სოხუმსაც დავიბრუნებთ… რომ ყველამ დაინახა, რუსეთი ისე დაჩმორებულია, რომ ხელის განძრევაც არ შეუძლიაო. ჩუმად ვიჯექი. მაღიზიანებდა ამ კაცის ასეთი სიბეცე და ვერც ვერაფერს ვეუბნებოდი – მას ხომ მთელი ცხოვრების ოცნება ეჭირა ახლა ფრთით ხელში!.. როგორ უნდა მეთქვა, დროზე გამოფხიზლდი მეთქი… ან რატომ უნდა გამკვირვებოდა მისი სისულელე – თუ მთავრობამ დაიჯერა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, მთავრობისგან ტვინდაბნელებული და გაჭირვებული ადამიანი როგორ არ დაიჯერებდა…

თბილისელმა ახლობელმაც რომ მკითხა, როგორ ფიქრობ, სოხუმზეც თუ მივიტანთ შეტევასო, ვეღარ მოვითმინე და მივახალე, ორ დღეში თუ არ დაგვბომბეს რუსებმა, მერე მკითხე და უფრო ზუსტად მაშინ გეტყვი მეთქი…

მერე ვიჯექით ტელევიზორთან. ნაციონალური ტელევიზიები სრული მარაზმი იყო. სრული დეზინფორმაცია. ალერგია მეწყებოდა სამხედრო ფორმაში გამოჯგიმული შოთა უტიაშვილის დანახვაზე. ვიცოდი, რომ მისი ერთი სიტყვაც არ იყო დასაჯერებელი. დაამთავრებდა შოთა ყელყელაობას და მერე მისი თვალფახულა მეღლე შეუდგებოდა ჩვენს დაბოლებას. კიდე კარგი, ძველი ჯაბახანა რადიო მოვარჯულე და „თავისუფლებას“ ვუსმენდი. გოგა აფციაური და კობა ლიკლიკაძე – აი, ვინ მეუბნებოდა სიმართლეს! ტელევიზორში ჯავას ვიღებდით ვითომ – წარბშეუხრელად მატყუებდა ერთდროს ჟურნალისტი უტიაშვილი და სინამდვილეში – გორს ბომბავდნენ – გოგა აფციაური მატყობინებდა. ამერიკამ საზღვაო არმადა დაძრაო, მატყობინებდნენ ტელევიზიით ერთ დროს ჟურნალისტი ერ-ორისტები, ხოლო კობასგან ვიგებდი, რომ აშშ თავდაცვის მდივანი შვებულებაში გადიოდა, ხოლო იმ გემებს თურქეთის მთავრობა აფერხებდა… როგორ მინდოდა, რომ ცრუპენტელა შოთა ყოფილიყო მართალი… და როგორ ვაპატიებდი კობას და გოგას მათი ინფორმაცია მცდარი თუ იქნებოდა, მაგრამ, ვაი რომ, სიმართლე სიმართლე იყო და ბლეფი – ბლეფი…

1000 დროშა და 2 ტრიბუნა საზეიმოდ წაღებული ცხინვალში საზეიმო აღლუმის ჩასატარებლად! – აი, რატომ წავაგეთ ომი… უგულავას ნალოჯისტიკარი საომარი კამპანია… ნარკომანი თავდაცვის მინისტრი და პოლიციელი გენშტაბის უფროსი… თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, რომელიც ომის წაგების დღეს სააგარაკე ნაკვეთებს იფორმებდნენ სასწრაფო წესით. უპატრონო ცხვრებივით მიტოვებული რეზერვი, ჯარისკაცები, რომლებიც გამორბოდნენ ისე, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა აღარც ახსოვდათ… მტრისთვის დატოვებული ამერიკული ჰამერები და უახლესი ტანკები, სანაპირო დაცვის ამერიკული კატარღები და აგრერიგად გაპიარებული მ4-ები…ყველაფერი წაიღეს რუსებმა… იმით კი „ვამაყობდით“, ჩვენს უნიტაზებს და ჩანგლებს რომ ეზიდებოდნენ, მაგრამ მთელი ტექნიკის 40% რომ გაიტანეს? ფოთში ჩაძირული მთელი ქართული სამხედრო ფლოტი… ასეულის მიერ აღებული ფოთი, რუსის ლეიტენანტმა რომ აიღო… ჩუმად პარაფირებული საიდუმლო კაპიტულაცია, რომლის ხელმოწერა ლამის 24 საათის შემდეგ გავიგეთ, ხოლო შინაარსი – ვერაფრით…ლტოლვილები… ლტოლვილები… გაუპატიურებული ქალები, ადგილზე ჩახოცილი მოხუცები და ახალგაზრდები… ხალხი, რომელიც სააკაშვილს და უტიაშვილს უსმენდა… ხალხი, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ომის დროს მატყუარების მოსმენა სიკვდილის ტოლფასია… ხალხი, რომელიც ისე გაიჟლიტა, ვერ გაიგეს რადიო „თავისუფლების“ და მართალი სიტყვის ფასი…

ღამით შეკრულ ჩემოდნებზე ვისხედით. უფროსი შვილი კახეთიდან გვეხვეწებოდა , აქ ჩამოდითო. ჩვენ კიდე აღარ ვიცოდით, რა გვექნა – თბილისში დავრუნებულიყავით თუ აგარაკზე დავრჩენილიყავით…

მიშა პირში ჰალსტუხით – მთელ მსოფლიოში საქართველოს ახალი „სავიზიტო ბარათი“ – ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი ჰალსტუხს მიირთმევს!… ჯავშანჟილეტიანი მიშა – თვითმფრინავის ხმაზე გორში სახალხოდ შიშით ჩასვრილი და გაქცეული (ახლა ვფიქრობ, სწორედ იმიტომ ააფეთქებინეს გორში რუს გენერლებს სტალინის ძეგლი – გორელები ხომ უშიშარი გენერალისიმუსით ამაყობდნენ და … მიტოვებული კოსტუმიანი საფრანგეთის საგარეო მინისტრი და სილასავით გაწნილი ამაყი სიტყვები – საფრანგეთი არ გარბის…

კოლონა კახეთის გზატკეცილზე… კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ უფროს შვილს… მთავრობის საშინელი სიმხდალე წითელ ხიდთან, სადაც გადმოცემით, გამწარებულები ცდილობდნენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, რომ საკუთარი ოჯახები და ანტიკვარი სასწრაფოდ გაეზიდათ… ლტოლვილების რიგები საბავშვო ბაღებთან, საცხობებთან, მერიასთან, დაუმთავრებელ მშენებლობებთან.

მერე იყო ეს მანამდე და შემდეგ მარადმღიმარი ინტელექტუალი ბაქრაძე. თაგვისფერნადები. აცახცახებული. ლამის ატირებული… რა იყო ეს? გაფრთხილება? რა თქმა უნდა, ჯობდა იმას, რაც სამხრეთ ოსეთის ქართველ მოსახლეობას გაუკეთეს – როცა ბოლო მომენტამდე ვარდისფერი ტყუილებით ბერავდნენ, სანამ ავტომატიანი რუსები და ოსები ტელევიზორებთან არ დაადგა ხალხს. ზუგდიდელებს პირდაპირ უთხრეს – რუსი მოდის, ჩვენ აღარ ვვარგივართ, ჯარი თქვენ არ დაგიცავთ! თავად დაიცავით საკუთარი თავიო! მაგრამ რა იყო ეს გამოსვლა, რა საშინელი მეტამორფოზი იმ ხელისუფლებისა, რომელიც ორი კვირის წინ დაჟანგულ რისულ ტანკებზე, რუსების მიერ ვერმოგებულ ომებზე და გენერალ ჩაბანის ჩაბანვებზე რომ შაყირობდა??? ქვეყნის მეორე პირი – უტრაკო ყარაჩოღელების უთავოდ დარჩენილი პარტიის ლამის გაბოსებული დაოსებული… დღეს კი ისევ მღიმარია, ყაყაჩო დაუბნევია ფერზემოსულს…

და ეს სიტყვები, რომლებიც შემდეგ ტელეპროგრამებიდან და იუთუბიდან ლამის გააქრეს, წადით და ყველა შესაძლო იარაღით თავი დაიცავითო – ხალხს მაშინ უთხრა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც მიტოვებული მოსახლეობისათვის იარაღის დატოვება არც უფიქრია! იმ ხელისუფლებამ, რომელმაც კოდორის მოსახლეობა განაიარაღა და მერე ისე გამოიყვანა კოდორიდან ჯარი, ერთი არ გაუსვრია! და ეს ხელისუფლება დღეს იმ თითო-ოროლა ვაჟაცს ასამართლებს, რომლებმაც თავისი ოჯახების და სამსახურის ქონების დასაცავად იარაღით ხელში უდარაჯეს სამშობლოს! გაქცეული ლაჩრები ასამართლებენ არგამქცევ ვაჟკაცებს!

მახსოვს გადამწვარი ბორჯომის ხეობა, მახსოვს ეკა ზღულაძის ფენომენალური – „ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან გადაუხვია!“ დაბომბილი სენაკის აეროპორტი და თბილისის აეროპორტის საამაყო სანავიგაციო კოშკი, დაბომბილი მახათას მთა… გვახსოვს ყველას რუსი გენერლების მძღოლებად მომუშავე ქართველი მაღალჩინოსნები – ლომაია, გოროზია, ვარძელაშვილი… ბიძინა კვერანძის – უმწარესი იუმორი – „ამაღამ ვინ გვითევს?..“ ნანატრი ამერიკული გემები პამპერსებითა და მინერალური წყლებით… და პირველი საკაპიტულაციო კონტრიბუცია – რუსებისთვის ჩუმად გადაცემული ენგურჰესი…

მახსოვს მიტოვებული და ლამის დამპალი ქართველ ვაჟკაცთა გვამები, რომელიც სამღვდელოებამ გამოიტანა! როგორც თავის დროზე შევარდნაძეს არ სურდა სოხუმიდან ქართველთა გვამების გამოტანა, ზუსტად ისე მოიქცა სააკაშვილიც! არ უნდოდათ, რომ გვენახა, რამდენი ვაჟკაცი დაიღუპა მათი კრიმინალური და დეგენერატული ქმედებებით! არ უნდოდათ, რომ მშობლებს ეტირათ შვილები! არ უნდოდათ, რომ მსოფლიოს ენახა მგლოვიარე საქართელო! ამიტომ მოაწყვეს კონცერტი, ამიტომ აყვირეს ხალხს „სარკო-სარკო!“ სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ დროს, კოდორიდან ჯარი გამოდიოდა ერთი გასროლის გარეშე – ვტოვებდით აფხაზეთში ასე სიმწრით შენარჩუნებულ ბოლო პლაცდარმს, აქამდე აუღებელ კოდორის ხეობას და იქეთ გამილიონერებული მამის შვილი ბოკერია, და აქეთ პისტოლეტის და მიკროფონის ეგზოტიკურ-რომანტიული დუეტი უტიაშვილ-კვესიტაძე აღელვებულნი გვაქეზებდნენ – „სარკოს!“ საყვირლად და ტაშ-ფანდურის გასამართავად…

„და არ იყო ჩვენს შორის გმირი!“

გავიდა დრო…

4 წელიწადში რაღაცეები შეიცვალა. ლომაია ნიუ-იორკშია, იაკობაშვილი -ვაშინგტონში, სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ჭიაბერაშვილი…

ეკონომიკა ჩაფლავდა, ინვესტიციები გაჩერდა, ვითომ დაწყებული იმიგრაცია ემიგრაციის ახალმა ტალღამ შეცვალა. ყველა ჩვენთაგანს გვყავს ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ან ათობით ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, რომელიც დღეს თურქეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიაში თუ ამერიკაში მოხუცებულების და ბავშვების მოვლით, საკუთარი ბავშვების და მოხუცების ნატვრაში აღამებენ და ათენებენ. ძლივს ახერხებენ ფულის მოგროვებას, რომ ოჯახები გადაარჩინონ! ეს ადამიანები აცოცხლებენ დღეს სულის მღაფავ ქართულ ეკონომიკას, საიდანაც უკვე უფრო ხშირად გარბიან ინვესტორები – ებრაელები, თურქები, არაბები – ყველამ გაიგო, რა „სამოთხეცაა“ მიშას ნაქები doing business easy!

არავის ახსოვს ომის გმირები… დაღუპულთა ოჯახებს სასაცილოდ დაბალი პენსია არაფერში არგიათ, ინვალიდებს სახელმწიფო მხოლოდ სიტყვით ეხმარება. ის ქალი, რომლის სურათებმა ცეცხლმოკიდებული გორის ფონზე მთელი მსოფლიო შემოიარა, დღეს ინვალიდობის ჯგუფის პენსიას აღარ იღებს და რომ ნახოთ, ვერც კი იცნობთ – ალბათ 20 კილოგრამი ექნება დაკლებული… ომში შვილმკვდარი მამა სულიკო ასათიანი, რომელსაც სააკაშვილმა დიდის ამბით პირადად გადასცა შვილის ორდენი, 2011 წლის 26 მაისს იმავე სააკაშვილის ბრძანებით რუსთაველზე მოკლეს. მოკლეს, რადგან გაბედა და შვილის სიკვდილში დამნაშავე და ნდობადაკარგული პრეზიდენტისადმი პროტესტის ნიშნად მიტინგზე დადგა…

ორი დღის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვავალა, ყაყაჩოები გვეტარებინა. სრული მარაზმია ეს! მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ქართველების ისტორიულ მეხსიერებაზე ზრუნავს. ის მართლაც „ზრუნავს“, რომ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული მეხსიერება მოუსპოს და გაუყალბოს! ადამიანი, რომელიც თავის თავს აღმაშენებელს და გიორგი ბრწყინვალეს ადრის, არის 21-ე საუკუნის საქართველოს გატიალების მთავარი არქიტექტორი! პუტინმა აღიარა, რომ 2006 წლიდან ჰქონდა საქართველოში შემოსვლის გეგმაო! სწორედ მიშას დამსახურებაა ის, რომ პუტინის ეს გეგმა ასე ზუსტად განხორციელდა! განა ვინმე ამბობს, რომ პუტინს გეგმა არ ჰქონდა და ემოციურად ვერ აიტანა ცხინვალზე საარტილერიო შეტევა და „სისხლის ცრემლები ღვარაო?“ დიახ, პუტინს ექნებოდა გეგმა და ეს გეგმა ჰქონდა კულახმეტოვს, პოპოვს, კოკოითს… ეს გეგმა იყო საომარი თამაშებით აღტყინებული სააკაშვილ-უგულავა-თარგამაძის პროვიცირება და სააკაშვილის მხრიდან პირველი დარტყმის განხორციელება… სწორედ ამიტომ იძახოდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პუტინის მიერ აშკარად თუ უნებლიედ მოხიბლული იაკობაშვილი და ძმანი მისნი – კოკოითი რუსეთს არ ემორჩილებაო და ყიჟინას სცემდნენ – რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებსო…

ვარდები ხომ შეგვაძულეს ნაცმოძრაობის დემაგოგმა მანქურთებმა, ახლა ყაყაჩოებს მისდგნენ! ყველა ისინი, ვინც წითელ ხიდზე ერთმაენთს ახტებოდა, დღეს წითელი ყაყაჩოთი იწონებს თავს. იწონებენ გიგი წერეთელი და კობა ნაყოფია! სწორედ ის ნაყოფია, რომელიც ომის დროს მთელი თვით გადაიხვეწა საქართველოდან, ხოლო შემდეგ 20 მილიონად ისეთი ურაპატრიოტული უნიჭო ბლოკბასტერი სისულელე „გადაიღო“, რომ მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათასმა კაცმა თუ ნახა. დღეს გამოდის მატყუარა თვითმარქვია პრეზიდენტი და იძახის, რომ ფოთში იმიტომ შემოდიოდა რუსეთის ჯარი, რომ მხოლოდ მისი – ერთადერთი ქართველის დატყვევება სურდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სწორედ ეს ერთადერთი ქართველი იყო მთელი საქართველო!

საშინელებაა ეს! რუსთაველიც კი არ არის ერთადერთი ქართველი, რომელიც მთელი საქართველოა! სააკაშვილის ფენომენი და მიშიზმი კი არის ის, რითაც საქართველო კი არ უნდა ამაყობდეს (და მადლობა ღმერთს, აღარც ამაყობს უკვე, რამდენიმე ათასი მოსყიდული მანქურთის გარდა), არამედ ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს, როგორც ტალახი, როგორც ბანგი, როგორც ლაჩრობა, უღირსობა და უსინდისობა…

არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული!

ყველაფერი გვახსოვს! რაც არ უნდა „იყაყაჩოვოთ“, ჰალსტუხჭამია კურდღლებო!