დევიდ ქოვერდეილი - როკ ვოკალ In the Still Of The Night…

დევიდ ქოვერდეილი - როკ ვოკალ In the Still Of The Night…

გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდი როკ მუსიკისათვის კარგი ვერაფრის მომტანი აღმოჩნდა. თანაც მეინსტრიმიდან სულ რაღაც 15-ოდე წლის წინ პოპ მუსიკის უმთავრესი მიმდინარეობის გადავარდნა, ვერც იმ მუსიკოსებს უქადდა კარგს, ვინც ამით ცხოვრობდა, ფულს შოულობდა და რაც მთავარია პიროვნულ „მეს“ იკმაყოფილებდა. რამდენი „ვარსკვლავი“ მიეცა იმ დროს დავიწყებას ან სამუდამოდ, ან კიდევ დროებით, სულ რაღაც 10-ოდე წლით, რადგან თურმე როკ მობრუნება უნდა შემდგარიყო და თანაც უმძლავრესი აპარატურით, რომლითაც თვით ერიკ კლაპტონი ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე აუდიტორიის წინაშე მოუწევდა გასვლა Cream-თან ერთად...

კაცმა რომ თქვას, რა კავშირია დევიდ კოვერდეილსა და ზემოთქმულ კონცერტს შორის, მაგრამ Whitesnake-ის სენსაციურმა მობრუნებამ, რომ ზოგადად როკ მუსიკის პოპულარიზაციაზე იმ უმძიმეს პერიოდში კეთილისმყოფელი ზეგავლენა მოახდინა, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.

3 წლიანი შემოქმედებითი პაუზა მომღერალმა ფიქრში გაატარა. მაინც როგორი უნდა ყოფილიყო მისი დაბრუნება სცენაზე. იმავე პერიოდის ტრადიციული კლასიკური როკ ალბომები (მაგალითად Black Sabbath-ის Seventh Star ან Deep Purple-ის The House Of Blues Light), როგორც მომავლში გაირკვა, ამ ჯგუფების დისკოგრაფიაში გამორჩეულად სუსტი გამოვიდა და მუსიკოსებს მათკენ გახედვაც არ სურთ, არამცთუ აქედან კონცერტებზე სიმღერების შესრულება. Whitesnake-ის ადრეული ხელწერა შექმნილ ვითარებაში უკვე ვეღარც იმუშავებდა, განა მარტო იმის გამო, რომ იან პეისი და ჯონ ლორდი უკვე Deep Purple -ში დაბრუნებულიყვნენ, არამედ ეპოქა იყო ფრიად განსხვავებული. მოდით ვთქვათ, რომ ქოვერდეილი 80-ების დასაწყისშივე რისკავდა ტიპური 70-ების ალბომების ჩაწერით, მაგრამ რეპერტუარი იმდენად მსუბუქი, მიმზიდველი და მელოდიური გამოსდიოდა, რომ 80-ების დასაწყისის კომერციულმა მანქანამ ეს „ჭამა“ და ალბომებიც კარგად იყიდებოდა. თუმცა ეს დიდწილად განპირობებული იყო Burn-ის პერიოდის წარსულიდან, რაც  ყოფილ „ვარსკვალავს“ პერიოდულად ამერიკაშიც აძლევდა კონცერტების ჩატარების შესაძლებლობას. მაშინ ქოვერდეილი გარეგნობითაც ვერ დაიკვეხნიდა, ამიტომ სცენაზე დაბრუნებამდე და 80-ების „ვარსკვლავად“ ქცევამდე ქოვერდეილმა ჯერ სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თმები დაიხვია და დაუხვია ჯგუფის ახალ წევრებსაც და 1987 წელს მსმენელის წინაშე „ბომბასტიკ“ ალბომ Whitesnake -ით წარსდგა. პირველივე სიმღერა Still Of The Night ჰიტად იქცა და განსაკუთრებით თინნეიჯერ როკ მოყვარულთა შორის, დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ალბომი კიდევ ერთი - აბსოლუტურად არა „დიპფარფლური“ ჰიტით Is This Love გამოირჩა, რომელმაც არა მარტო თავი შეაზიზღა, არამედ გარკვეულწილად ალბომის მოსმენასაც გადააჩვია Deep Purple -ს ხელწერის მოყვარული მსმენელები. სამაგიეროდ Whitesnake -მა, Van Halen-თან და Deff Leppard-თან ერთად, მადონასა და ჯექსონის დაპყრობილი პოპ ბაზრის პერიოდში, შექმნა კომერციული როკ მუსიკის პრეცედენტი, რამაც მყარი საფუძველი შეუქმნა უახლოეს მომავალში Guns’n’Roses-ის, Aerosmith-ისა, თუ Metallica-ს „შავი ალბომის“ ბენეფისს.  

მთლიანობაში ალბომმა მეტალური კურსი დაიჭირა და 80-ების საუნდ მოთხოვნები პირნათლად შეასრულა. ქოვერდეილის რეპერტუარს მელოდიურობაც არ დაუკარგავს, თუმცა ლორდის არყოფნისა და ბლიუზური ტენდენციების შესუსტების გამო, როკ მუსიკის სტაჟიანი მსმენელისათვის იმდენად თბილი და მიმზიდველი Whitesnake აღარ აღმოჩნდა. აქ ქოვერდეილმა 1982 წლის „Saints & Sinners“-დან 2 სიმღერა - ბლიუზური Crying In The Rain და Here I Go Again გადაამღერა. უცნაურია, მაგრამ 1982 წელს ამ „ბუნებრივმა“ ჰიტმა შეუმჩნევლად ჩაიარა, განახლებულ ლორდის ინტრო მოკლებულ და ბრაგაბრუგ ჟღერადობის ფონზე კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და Whitesnake -ის ჩარტებში სამეულში აგდებაზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა.

დევიდ ქოვერდეილმა წარმატებულ ტალღაზე მომდევნო  ალბომში უკვე გიტარისტი სტივ ვაი მიიწვია. კიდევ ერთ გიტარისტ ედრიან ვან დერ ბერგთან დუეტში, სტივ ვაიმ მშვენიერი გიტარული საუნდი შექმნა, თუმც ალბათ ბოლომდე ვერ მიყვანილი, რადგან იგი დევიდ ლი როტის ჯგუფისაგან განსხვავებით, Whitesnake -ის სრულყოფილ წევრად არასოდეს ქცეულა. ალბომი Sleep Of the Tongue ორი ძალიან ლამაზი სიმღერით Wings Of The Storm და Sailing Ships გამოირჩა. სხვა მხრივ, რეპერტუარს სტივ ვაის თუ ჩამოვაცილებთ, ალბომი წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუმცა გამოკვეთილი ჰიტების არქონამ ჩარტებში უკან დახია და Whitesnake -იც კვლავ წარსულს ჩაბარდა, რადგან მომავალში ქოვერდეილს თურმე ერთობლივი ალბომი ჯიმი პეიჯთან ერთად უნდა ჩაეწერა. ტანდემის 1993 წლის ნამუშევარი კომპოზიციური თვალსაზრისით მეტად ქოვერდეილს ეკუთვნოდა. აი იმდროინდელი Whitesnake -ის საუნდზე ბლიუზური ხელწერის მორგება კი მომღერალმა უკვე მომავალში მოახერხა, როდესაც 1999 წელს პოპ მუსიკის სამყაროს აკუსტიკური კონცერტით დაუბრუნდა, ხოლო 2000 წელს კი სოლო ალბომი Into The Light მოაყოლა შესანიშნავი ბლიუზით River Song.

ქოვერდეილის ბლიუზურ საფუძველზე მორგება მისმა საყვარელმა მომღერალმა - პოლ როჯერსმაც განაპირობა თავის Muddy Water Blues ალბომით. მიუხედავად ამისა, საკმაოდ მძიმე ჟღერადობით ბლიუზი როკ მუსიკის არაერთ მოყვარულს გადაჭარბებად ეჩვენა და არცთუ უსაფუძვლოდ, საკმაოდ გააღიაზიანა კიდევაც. River Song -ით საბოლოოდ გაირკვა, რომ Coverdale-Page ალბომის ბლიუზი Don’t Leave Me This Way-ც ქოვერდეილის იდეით ყოფილა ნაკარნახევი და რომ მომღერალი 21-ე საუკუნის დასაწყისში, 1984 წლის მსგავსად, სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის აღებას აპირებდა.

მორიგი მობრუნება  ქოვერდეილმა შესანიშნავი Live… In The Still Of The Night-ით განახორციელა. ორდისკიანი ლაივ ალბომი Burn/Stormbringer-ით გაიხსნა და Still Of The Night-ის უმძლავრესი ვერსიით დასრულდა. გარდა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მრავალფეროვანი რეპერტუარისა, როგორც ყოველთვის, ქოვერდეილმა ამჯერადაც მუსიკოსების საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი. რონი ჯეიმს დიოს ჯგუფიდან მან დიდებული გიტარისტი დაგ ოლდრიჯი გადაიბირა, რომლის დაკვრის ბლიუზური ხელწერა გაცილებით სიღრმისეული  აღმოჩნდა 1987 წლის ჯონ საიკსთან შედარებით. დრამზე კი აქ კვლავ ვირტუოზი ტომი ოლდრიჯი უკრავდა.

უაღრესად მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა ქოვერდეილი შემოქმედებითადაც წინ წასწია, რაზედაც  Whitesnake -ის 2008 და 2011 წლის სტუდიური ალბომები მეტყველებენ. აქ მაინცდამაინც ვერ ვხვდებით იდეურ სიახლეებს, მაგრამ Whitesnake რომ დიდწილად განაპირობებს დღევანდელ ჰარდ ენდ ჰევი საუნდს, ეს ფაქტია. Forevermore მომღერლის ახალ შედევრად იქცა და რატომღაც  Kashmir-ის გადამღერებაზე საუბარი ამჯერად აღარ დაწყებულა. ალბათ ყველამ გაიგო, რომ ბებერ როკ  მენებს მოფრთხილება უნდა და რომ ის - ძველი და უძვირფასესი დრო, რომლის ლამაზად გაფორმებაში დევიდ ქოვერდეილმა დიდი როლი ითამაშა, აღარასოდეს მობრუნდება...